22, თებერვალი 2021 21:30:00
მართალია ჯერ არ დაუმტკიცებიათ, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ მისი მმართველობის მთავარი პრიორიტეტები, დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგსა და ჩარჩოებში დაბრუნება იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პირობას დებს.
პრემიერობის კანდიდატისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ "ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა" პარლამენტში არ შედის. მეტიც, პროტესტის ამ ფორმას "მიზანმიმართული საბოტაჟი“ უწოდა. ამისდა მიუხედავად, ღარიბაშვილმა, ოპონენტებს დიალოგი შესთავაზა.
ირაკლი ღარიბაშვილს, არც მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა დავიწყებია. პრემიერობის კანდიდატმა, ყოფილ პრეზიდენტს ერისა და ჯარის სირცხვილი უწოდა. თქვა, რომ დავით-გარეჯის საქმე კლასიკური ღალატის მაგალითია, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიერაა შესრულებული.
გაჟღერებული მუქარის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ოფისში მყოფი ოპოზიციური ერთობა, საპოლიციო ძალების გამოჩენას ელოდება. ოპონენტების განმარტებით, ივანიშვილის რჩეული მინისტრის განცხადებები მათთვის იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ ოფისის შტურმით აღებას და ნიკა მელიას დაკავებას აპირებს. მიუხედავად ამისა, იმედოვნებენ, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ დაპირისპირებას ქვეყანას არ გადააყოლებს.
აიღებს თუ არა პოლიცია შტურმით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებს მალე ჩაიბარებს. ოპოზიციაში კი ისევ დარწმუნებულები არიან, რომ ხელისფულება ნიკა მელიას ციხეში ვერ გაუშვებს.