25, თებერვალი 2021 21:45:00
და უკვე მერამდენედ, ისევ ვუბრუნდებით ბათუმის შემოვლით გზას და იქ მცხოვრებლების პრობლემებს. პრობლემებს, რომლებიც ვერ გვარდება და დიდი ალბათობით სახელმწიფოს მისი გადაჭრის არც დიდი სურვილი აქვს. ავტობანის მშენებლობა, როგორც მოქალაქეები ამტკიცებენ, მათ სახლებს ბზარავს. კომპანია კითხვებს გაურბის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს კი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პასუხი აქვს.
ჭერი რომ თავზე არ დაქცეოდა, კომპენსაციის ნაცვლად, მახვილაურში, დევაძეების ოჯახი, ავტობანის მშენებელმა კომპანიამ, სამშნებლო დგარებით მოამარაგა. როგორც გასულ წელს, როინ დევაძე დღესაც დარწმუნებულია, რომ შპს „ფოლადმა“, მას მხოლოდ დასცინა. საცხოვრებლის ყველა ოთახში, მდგომარეობა იდენტურია - ჭერი, იატაკი და კედლები თანაბრად დაბზარულია. შეიძლება ითქვას, რომ სახლი ორადაა გაყოფილი. მერიამ ოჯახი გაასახლა, თუმცა მხოლოდ ორი თვის ქირა გადაუხადა, შესაბამისად დევაძეები იძულებულნი გახდნენ, უკან დაბრუნებულიყო.
ავტობანის მშენებლობას, გოჩა დევაძის საცხოვრებლის მდგრადობაც შეეწირა, რადგან მისი ბინაც იმავე კორპუსშია, რომელშიც როინ დევაძე ცხოვრობს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურის დასკვნის მიხედვით, შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, თუმცა ექსპერტი არ წერს, რის შედეგად გახდა აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში. მოქალაქეები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ზიანი ავტობანის მშენებლობით მიადგათ.
შპს „ფოლადთან“ დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. მოქალაქეები კი ირწმუნებიან, რომ კომპანიას არ უნდა დაიჯეროს, რომ ამ მასშტაბის ბზარები, საცხოვრებელს, ავტობანის მშენებლობის დაწყების შემდეგ გაუჩნდა.
მოქალაქეების პრობლემას, უკვე დიდი ხანია სწავლობს კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი - რაულ კირკიტაძე. მან ტელეფონზე გვიპასუხა, თუმცა როგორც კი გაიგო, რომ ტვ25-დან ვურეკავდით, უდროობა მოიმიზეზა და დაკავშირებას დაგვპირდა. დღის ბოლოს ჩვენს განმეორებით ზარებს აღარ უპასუხა.
შემოვლითი გზის მეშენბლობის პროექტს, საქართველოს საგზაო დეპარტამენტში ახორციელებს. აქ მხოლოდ სიტყვიერად გვითხრეს, იმისთვის, რომ დაეხმარონ ოჯახებს, ისევ მოქალაქეებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ზიანი ავტობანის მშენებლობით მიადგათ.