30, იანვარი 2020 21:26:00
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუმცა წლობით გადაუჭრელი ინფრასტრუქტურული პრობლემები. ბათუმში კორპუსების ეზოები მოუწესრიგებელია, მზიან ამინდში მტვერია, გაწვიმებისას კი წყლის გუბეები დგას. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს რამდენიმე ქუჩაზე იმყოფებოდა. მათ შორის თავდადებულის და ფიროსმანის მონაკვეთებზე. რა თქვეს ბათუმის მერიაში? ნინია მესხიძე მუშაობს თემაზე
მოუწესრიგებელი შიდა ეზოების ეს კადრები დემეტრე თავდადებულის 69 ნომერშია გადაღებული. ადგილობრივი გვიყვება, რომ დაპირებები როგორც წინა, ასევე, ამჟამინდელი ხელისუფლებისგანაც მიიღო, თუმცა უშედეგოდ. სულიკო შათირიშვილი იხსენებს იმასაც, რომ არსებული სიტუაციის გამო, რამდენჯერმე ძირს დაეცა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმოქმედა.
მოუწესრიგებელ შიდა ეზოებზე საუბრობს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებიც. მინდია მახარაძე პასუხისმგებელ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრების თქმით, მოუწესრიგებელ ეზოში უამინდობისას წყალი დგება და სარდაფებამდე აღწევს, რაც შემდეგ უსიამოვნო სუნს იწვევს.
პასუხისმგებელ ორგანოში კი ამბობენ, რომ მოსახლეობამ წერილობით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც ტერიტორიას შეისწავლიან და შესაბამისად იმოქმედებენ.
მსგავსი პრობლემა დემეტრე თავდადებულის 40 ნომერში მცხოვრებლებსაც აწუხებთ, თუმცა აქ კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს, პირად საუბარში კი გვითრეს, რომ უამინდობისას ორმნოებში წყალი დგება, რის გამოც გადაადგილება უჭირთ. მათივე თქმით, მერიას ინფრასტრუტურის მოწესრიგების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, შედეგს კი თქვენ ახლა კადრებში ხედავთ.