25, ივნისი 2020 20:06:00
რა ბედი ელის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ლექტორს, ვაჟა ანანიძეს? მიუხედავად იმისა, რომ ეთიკის კომისიამ მსჯელობა 23 ივნისს დაიწყო, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. ანანიძემ, აკადემიის რამდენიმე ლექტორი, მათ შორის რექტორიც პლაგიატში დაადანაშაულა. მოახდინა თუ არა მან საზღვაო აკადემიის დისკრედიტაცია, ასევე აშანტაჟებს და აბულინგებს თუ არა კონკრეტულ თანამშრომელს, ვისი ნაშრომიც, ანანიძის აზრით, პლაგიატს შეიცავს? სალომე უსტალიშვილი გიამბობთ.
შეინარჩუნებს თუ არა ვაჟა ანანიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ლექტორის თანამდებობას, ეთიკის კომისიას გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. მსჯელობა ორი დღის წინ დაიწყო. ლექტორის ინტერესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს იურისტი იცავს.
ვაჟა ანანიძეს ეთიკის საბჭო აკადემიის რექტორის მიმართ ბულინგსა და შანტაჟს, ასევე სტუდენტის დისკრედიტაციას ედავება. ყველაფერი მაისში დაიწყო, სწორედ მას შემდეგ, რაც ვაჟა ანანიძემ, რექტორი ირაკლი შარაბიძე პლაგიატში დაადანაშაულა, და თქვა, რომ ნამუშევრისთვის - „შავ ზღვაში არსებული გოგირდწყალბადის ამოღების დამუშავების ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები“ ნაწერები, ლექტორ მერაბ ჯიბლაძის ნაშრომიდან - „შავი ზღვის სიღრმული წყლები და გოგირდწალბადის მიღება და ფიზიკო-ქიმიური ანალიზი“ მოიპარა. ორივე ნამუშევარი 2014-15 წლებშია გამოცემული. ანანიძე ირწმუნება, ისინი იდენტური ტექსტებითაა აღწერილი.
სხდომები, რომლებზეც დავების განხილვა ხდება დახურულია. ვაჟა ანანიძის გარდა, მხარეები კომენტარს არც შეხვედრების დასრულების შემდეგ აკეთებენ. როგორც იგი აცხადებს, თუ მიღებული გადაწყვეტილებით მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ, აპირებს დავა სასამართლოში გააგრძელოს. იგი ასევე ეჭვობს, საბჭოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და მის გასაჯაროებას აჭიანურებს.