22, ივლისი 2021 21:30:00
ბათუმის ბულვარში შუა ხნის კაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გარდაცვლილი ერთ-ერთი კაფის დაცვის თანამშრომელი იყო. თვითმხილველთა ინფორმაციით, სისხლიან გარჩევას, წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღვოდა. ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობის შედეგად, 55 წლამდე მოქალაქე, ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებული უკვე დაკავებულია.
ბათუმში, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკვე დააკავა. გომელაურის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 1996 წელს დაბადებულმა მოქალაქემ, 55 წლამდე კაცი, ცივი იარაღის გამოყენებით, სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მაშინ, როცა პოლიცია ბრალდებულის დაკავების ოპერაციას ატარებდა, იგი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოხტომითა და თვითმკვლელობით მანიპულირებდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა გაშლილი ლეიბის დახმარებით მოახერხეს.
მსხვერპლით დასრულებული სიტყვიერი შელაპარაკება, ბათუმში, ერთ-ერთი კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. შუა ხნის კაცს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილიდან, აჭარის პოლიციის მესამე განყოფილება რამდენიმე მეტრშია, თუმცა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ხმაური ვერ გაიგეს. შედეგად, სიტყვიერი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს, რომელსაც გომელაურის უწყება ამ დრომდე ეძებს.