ორშაბათი 19, აგვისტო 2019

აჭარაში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო

22, მარტი 2019 20:01:00

რეგიონში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო. რა იწვევს შემცირებულ სტატისტიკას? რა პირობებში გადიან პაციენტები მკურნალობის კურსს და რა პროგრამები ხორციელდება დაავადებასთან საბრძოლველად? 

გახანგრძლივებული ხველა, საერთო სისუსტე, წონაში კლება, ოფლიანობა, მაღალი ტემპერატურა - ეს ტუბერკულოზის ზოგადი ნიშნები მაიამ ერთი თვის წინ შეამჩნია, რომლის შემდეგაც ექიმთან კონსულტაცია გადაწყვიტა. ამჟამად მკურნალობის კურსს გადის. 

მაიას მსგავსად სამედიცინო დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავედებული 25 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 6 ბავშვია. დისპანსერულ განყოფილებაში გვეუბნებიან, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მკურნალობას ექვემდებარებიან. 

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის  რეგიონულ ცენტრში გასულ წლებთან შედარებით ტუბერკულოზის შემთხვევების მნიშვნელოვან კლებაზე საუბრობენ. აქ ამბობენ, რომ აჭარაში, 2018 წლის მონაცემებით, საეჭვო შემთხვევაზე 4 444- ადამიანი მათ შორის 206 ბავშვი გამოიკვლიეს. საიდანაც 264 პირს დაავადება დაუდგინდა. ტუბერკულოზით დაავადებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პროექტს „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც პაციენტებს ტუბერკულოზზე, აივ ინფექციაზე და c ჰეპატიტზე კვლევებს უტარებენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1982 წლიდან ყოველწლიურად 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. 


დღის ამბები