22, აგვისტო 2019 21:11:00
მორიგი დაკავება ხელვაჩაურის მერიაში. ამჯერად სუსი საკრებულოს დეპუტატ ჯამბულ თავართქილაძეს ქრთამის აღებას ედავება. დეტალებით ახლა სულხან მესხიძე შემოგვიერთდება
„ქართული ოცნების” დეპუტატს სუსი 51 380 აშშ დოლარის ქრთამის მოთხოვნას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ჯამბულ თავართქილაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, მან უნდა უზრუნველეყო ტერიტორიის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა წინასწარ 1 000 აშშ დოლარი აიღო. სუსმა ჯამბულ თავართქილაძესთან ერთად, კიდევ ერთი მოქალაქე აიყვანა.
ჯამბულ თავართქილაძე დღეს დილით ახალსოფლის ცენტრში დააკავეს. მეზობლები და ნათესავები ინფორმაციას არ ფლობდნენ, რის გამო, მოხდა საჯარო მოხელის აყვანა. TV 25-ის გადამღებ ჯგუფს ოჯახის წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და სახელმწიფო ბრალდებაზე განმარტების გაკეთება არ ისურვეს.
ქართული ოცნების მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტზე საუბარი არც კოლეგებმა ისურვეს. საკრებულოს თავჯდომარემ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ თავართქილაძის დაპატიმრება მისთვის მოულოდნელი იყო და ახლა საქმის დეტალებში გარკვევას ცდილობს. მომხდარზე ინფორმაცია როგორც ხელვაჩაურის მერი გვარწმუნებს მას არ ჰქონდა, თუმცა ჯუმბერ ვარდმანიძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს, ეს იქნება თადანაგუნდელი თუ ნებისმიერი სხვა.
შეფასებებში დღეს მკაცრი იყო ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც საკრებულოს სხდომებზე ტრადიციულად კორუფციაზე საუბრობენ - დღეს აცხადებენ, რომ კრიმინალის ზრდა დაუსჯელობის პრაქტიკა იწვევს.
ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეა, რომელიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ილია ნაკაშიძის კადრი იყო. სწორედ ამ უკანასკნელს მმართველმა გუნდმა დღეს ფაქტზე შეფასებების გაკეთების ვალდებულება დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში საჯარო მოხელის დაკავების ეს მეორე შემთხვევაა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დაკავებების სერია კვლავ გაგრძელდება.