26, იანვარი 2021 21:45:00
ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ლელა ჩხაიძე სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. როგორც განმარტავს, სამსახურიდან ისე გაუშვეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მიაჩნია, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან იგი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია.
10 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის შემდეგ, ლელა ჩხაიძე, „ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ“ სამსახურიდან გაათავისუფლა. უკვე ყოფილი თანამშრომელი ფიქრობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც იგი აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააფიქსირეს. ჩხაიძე არ მალავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია.
ჩხაიძის პოზიციის დაცვა, დღეს ხელისუფლების ოპონენტებმაც სცადეს. ისინი მუნიციპალურ ინსპექციაში მივიდნენ და ხელმძღანელობას გადაწყვეტილების დასაბუთება მოსთხოვეს. ოპონენტები ორგანიზაციის ადმინისტარციას პანდემიის პირობებში გამოჩენილი უპასუხისმგებლობისთვისაც აკრიტიკებენ.
ლელა ჩხაიძემ სამსახური პოლიტიკური სიმპათიების გამო რომ დაკარგა, ეჭვი არც ალექსანდე მილორავას ეპარება. სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ "ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის" ხელმძღვანელი არჩილ კონცელიძე, პარლამენტში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, რესან კონცელიძის ნათესავია.
მუნიციპალურ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ჩხაიძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. აიპში ირწმუნებიან იმასაც, რომ ამავე მიზეზით, დაკავებული პოზიცია კიდევ 10-მდე თანამშრომელს დაატოვებინეს, თუმცა ადმინისტრაციამ, შესაბამისი დოკუმენტები დღეს ვერ წარმოადგინა.
„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ ყოფილი თანამშრომელს ახლა სასამართლოსკენ მიუთითებს. ლელა ჩხაიძეს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.