04, მარტი 2021 17:59:00
ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით, გაფიცულ მძღოლთა რაოდენობა გაიზარდა. აქვთ უცვლელი მოთხოვნა, გაიზარდოს მგზავრობის საფასური ან ბათუმის მერიამ სუბსიდირება მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მუშაობის გაგრძელება არ უღირთ. ჯამში პროტესტის რეჟიმში 150-მდე მძღოლი რჩება. მძღოლებს, ახალი სატრანსპორტო სქემაც არ მოსწონთ. ამბობენ, რომ ცვლილების შედეგად, დანიშნულების პუნქტამდე გაცილებით დიდი მანძილის გავლა უწევთ. განმარტავენ, რომ ეს მათ შემოსავალზეც აისახება.
უცვლელი მოთხოვნებით, ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ. საერთო ჯამში, მუშაობაზე უარი 11 სამარშრუტო ხაზის მძღოლებმა განაცხადეს. ამბობენ, რომ სამსახურს იქამდე არ დაუბრუნდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მგზავრობის საფასურის 20 თეთრით გაძვირების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა, დღეს, ბათუმის მერიასთან გამართეს. მოგვიანებით უწყებაში შეხვედრაც შედგა, თუმცა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა.
შეხვედრას, მძღოლებთან ერთად, უფლებადამცველიც ესწრებოდა. როგორც თამაზ ბაკურიძემ განმარტა, ქალაქის მერიამ საკითხის გადასაჭრელად 10 დღიანი ვადა ითხოვა.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს, რაც უწყებამ საკრებულოს უნდა წარუდგინოს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს წარმომადგენლობითი ორგანო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით.
მომდევნო 10 დღის განმავლობაში, ვიდრე ბათუმის მერია და საკრებულო საკითხის მოგვარებაზე იმსჯელებენ, მძღოლები ისევ გაფიცულები იქნებიან. ამბობენ, რომ დღევანდელ პირობებში, 50 თეთრად მგზავრთა გადაყვანით ისინი ფინანსურად ზარალდებიან.