26, მაისი 2021 21:15:00
დედაქალაქში ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება და სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი, საქართველოს კიდევ 5 რეგიონში შედგა. მათ შორის, დამოუკიდებლობის დღეს, პირველად, რეკრუტებმა ფიცი დადეს აჭარაშიც. დღესასწაული, პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც, შეზღუდულ ფორმატში აღინიშნა.
ოფიციალური ცერემონიალი დილის 11 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მსვლელობით დაიწყო. მათ შორის, იყვნენ ავღანეთის მისიიდან ერთი კვირის წინ დაბრუნებული ჯარისკაცებიც.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის გამოჩენის შემდეგ აღიმართა დროშა და გაჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი.
ფიცის დადების ცერემონიალის დაწყებამდე ხელისუფლების წარმოამდგენლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალის ხსოვნას. გენერალ გიორგი კვინიტაძის, ნეშტიც 51 წლის შემდეგ, საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს და ქართულ მიწაზე დაკრძალეს.
დღეს ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი 247-მა ახალწვეულმა დადო. თბილისის პარალელურად რეკრუტებმა ფიცი დადეს სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში.
ქვეყნის პირველმა პირებმა 26 მაისის მნიშვნელობაზე, ოკუპაციაზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო მალე გახდება დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი.
საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომელიც თბილისში სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდა. ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი არის ნატოში და საქართველოს პოლონეთის სახით საიმედო მოკავშირე ჰყავს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს თავისუფლების მოედანზე საბრძოლო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს და საქართველოს დროშის ფერებში ფერადი კვამლი გაუშვეს. თბილისის გარდა სუ-25-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა ქუთაისისა და ბათუმის ცაზეც გადაიფრინეს.