09, სექტემბერი 2021 21:45:00
თვითმმართველობებისთვის, როგორც კონტროლის, ისე აღსრულების მექანიზმები რომ გადაუჭრელი გამოწვევაა, ეს შეძლება ითქვას არ ახალია. პრობლემა კიდევ ერთხელ მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მორიგ კვლევაში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბათუმის საკრებულოს, კონტროლის მექანიზმი არ უვარგა. ორგანიზაციის შეფასებით, წარმომადგენლობით ორგანოს არ აქვს პრაქტიკა, თანამდებობის პირებს თუ მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებს, ანგარიშები მოსთხოვოს და ამისთვის სპეციალური სხდომები ჩანიშნოს. კვლევის ავტორი, კიდევ ერთ გადაუჭრელ პრობლემაზე მიუთითებს.
ბათუმის საკრებულოს დიდი ხანია ყავს გენდერის საბჭოც. კრიტიკას წარმომადგენლობთი ორგანო, ვერც ამ ნაწილში უძლებს. გამჭვირვალობის კვლევაში ვკითხულობთ, რომ ქალების გაძლიერებისთვის საბჭო არაფერს აკეთებს. წევრებს არ აქვთ კითხვები, ინიციატივები და მიზნობრივი პროგრამები ქალთა გაძლიერებისთვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ყურადღების მიღმა, არც გასულ წელს, ბათუმის მერიაში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება - არჩეული მერის თანამდებობიდან მოულოდნელი წასვლა და მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა გამორჩენია. ავტორი აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრებს, ფაქტზე არც შეფასებები გაუკეთებიათ, არც საჯარო ინტერესი გამოუხატავთ მომხდარის შესახებ და არც ლაშა კომახიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზზე უმსჯელია.
ბოლო პერიოდში პასიური იყო საკრებულოს ოპოზიცაც. იმ არგუმენტით, რომ მათ შენიშვნებს და მოსაზრებებს მმართველი გუნდი მუდმივად აიგონრებს, ოპონენტებმა ბოიკოტის რეჟიმი არჩიეს. როგორია „ქართული ოცნების“ კონტრარგუმენტები ოპოზიციის შეფასებაზე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაზე, დღეს ვერ მოვისმინეთ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს უმრავლესობის დამოკიდებულბას, საზოგადოების, მედიის თუ სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, ანგარიშვალდებულებასთან დაკავშრებით.