შაბათი 21, სექტემბერი 2019

გადარჩება თუ არა ბასკო?

11, იანვარი 2017 11:36:00

ირმა ზოიძე ერთ-ერთია, რომელიც ბათუმის სპორტსკოლის დასაცავად პეტიციის ხელმომწერი გახდა.  საზოგადოება „ბათომის“ წევრი თვლის, რომ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა არსებობდეს. იგი შენობის დემონტაჟს კატეგორიულად ეწინააღდეგება.

გმირთა ხეივნის მიმდებარედ, სპორტსკოლის შენობების სანაცვლოდ, „ორბი ჯგუფი“ მაღალბიუჯეტიანი ინვესტიციის განხორცილებას გეგმავს. ვიდრე სპორტსმენებისთვის ახალი შენობა აშენდება, ხელშეკრულების თანახმად, ისინი სხვადასხვა დარბაზში გადანაწილდებიან.

ბათუმის სასპორტო სკოლის თანამშრომლები ინვესტორის კეთილსინდისიერებაში დარწმუნებულები არიან. ალტერნატიული სავარჯიშო დარბაზების დაათვალიერების შემდეგ ამბობენ, რომ პირობები მისაღებია.

„ორბი ჯგუფის“ დირექტორი მოქმედი სპორტსკოლის ადგილზე განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია ქვეყანაში უპროცედენტოა. რაც შეეხება საზოგადოების პროტესტს - ირაკლი კვერღელიძის თქმით, ეს ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა სამინისტროს ვალდებულებაა. უწყებაში, ამ ეტაპზე, მხოლოდ წინასწარი პროექტია მზად, ბიუჯეტში თანხები ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

ბათუმის სპორტსკოლის დასაცავად პეტიციას, ამ დროისთვის, 1 085 ხელმომწერი ჰყავს. საქართველოსა და აჭარის მთავრობების მისამართით საჯარო მიმართვა უკვე გაკეთდა.


დღის ამბები