02, ნოემბერი 2018 20:32:00
აჭარაში, აფხაზურ ენას 37 ბავშვი ეუფლება. საგანმანათლებლო პროცესი ფერიისა და მე-14 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. ჩვენი ჟურნალისტი მოგიყვებათ რა ეტაპზეა მივიწყებას მიცემული ენის შესწავლის პროცესი?
ახლა ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები აფხაზური ენის გაკვეთილისთვის ემზადებიან.
ეროვნებით აფხაზი ლიანა აიკუცბა, როგორც მოსწავლეებს, ასევე ფერიაში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულს აფხაზურ ენასა და კულტურას ასწავლის. ამბობს რომ სასწავლო პროცესი სიამოვნებას ანიჭებს.
დღევანდელი თემა ,,ვეფხისტყაოსანია“. როგორც აფხაზური ენის სპეციალისტი ამბობს, მოსწავლეებს ნაწარმოებიდან განსაკუთრებით ის ფრაზები მოსწონთ, რომელშიც მეგობრობისა და ერთგულების ეპიზოდებია ასახული.
აფხაზური ენის გაკვეთილს დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრიც დაესწრნენ. მოსახლეობის აქტიურობა ენის შესწავლის მიმართულებით დადებითად შეაფასეს.
ენის უფასო გაკვეთილები ბათუმში მე-14 საჯარო სკოლაშიც ტარდება.