14, იანვარი 2019 20:00:00
დღეს ქართული თეატრის დღეა. როგორ აღინიშნეს პროფესიული დღე თეატრალებმა, რაზე აკეთებენ აქცენტებს მსახიობები? და რას აკეთებს სახელმწიფო ხელოვანების მოტივაციის ასამაღლებლად?
მანუჩარ შერვაშიძე ქართული თეატრის დღეს უკვე სამოცდამესამედ აღნიშნავს. ამბობს რომ მსახიობისთვის თეატრი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა სპექტაკლშია დაკავებული არ არსებობს მიზეზი, რამაც შეიძლება თამაშის ხარისხზე გავლენა მოახდინოს.
სპექტაკლისთვის მზადება სიამოვნებასთან ერთად დიდ შრომასაც მოითხოვს, მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად როლზე მუშაობისას დღემდე ძალიან ღელავს.
14 იანვარი ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის არის დღე, როცა გასული წლის ნამუშევარს აფასებს და სამომავლო გეგმებს სახავს.
გასულ წელს ბათუმის ,,ახალ სცენაზე“ 6 ახალი სპექტაკლი დაიდგა. ,,დონ ჟუანი“ ,,განმშორებელი“ ,,ედიტ პიაფი“ ,,პეპი“ ,,ზაფხულის დღე“ ... იყო პრიზები საერთაშორისო ფესტივალებზე. ანდრო ენუქიძეს მიაჩნია, რომ თეატრში მაყურებლის დასაბრუნებლად თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო.
სამხატვრო ხელმძღვანელის შეფასებით ბათუმის დრამატული თეატრის დასი კარგ ფორმაშია. 27 მარტს მსახიობები საკუთარ სცენას დაუბრუნდებიან და ახალგარემონტებული თეატრის სცენაზე მაყურებელს პრემიერებს შესთავაზებენ.
ქართული პროფესიული თეატრი პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა დააარსა . პირველი წარმოდგენა 1850 წლის 14 იანვარს გაიმართა. თარიღი XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.