12, თებერვალი 2019 20:03:00
სოციალურად დაუცველი ოჯახი ქობულეთში, რომელიც დახმარებას ითხოვს. უკიდურესად გაჭირვებული ანთაძეები სოფელ ხუცუბანში ცხოვრობენ. სახლი ამორტიზებულია. 4 წევრიდან არც ერთი არ მუშაობს. სახელმწიფომ ოჯახს ფულადი შემწეობა მოუხსნა.
კედლებიდან ჩამოცვენილი ბათქაში, იატაკის ნაცვლად ბეტონის საფარი, ამორტიზებული სახურავი, ნესტი და სიცივე - საცხოვრებლად შეუსაბამო გარემოში ანთაძეების ოთხწევრიანი ოჯახი წლებია ცხოვრობს. მათ, სოციალური შემწეობა ორი წლის წინ მოუხსნეს, როგორც თავად ამბობენ, ოჯახში მისულმა სოციალურმა აგენტმა დეკლარაციაში მონაცემები სათანადოდ არ ასახა, რაც ფულადი შემწეობის შეწყვეტის მიზეზი გახდა.
ოჯახის შემოსავალი მხოლოდ 200 ლარიანი პენსიაა, რომელსაც შაქრო ანთაძე უკვე 12 წელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ღებულობს. საცხოვრისში არსებული სიცივისა და ნესტის გამო, ჯანმრთელობა ოჯახის უმცროს წევრსაც გაუარესდა, რომლის სამკურნალოდაც მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ.
ანთაძეებს პერიოდულად მეზობლები ეხმარებიან. ისინი შესაბამის უწყებებს დახმარებისკენ მოუწოდებენ და მათი მხრიდან მეტ გულისხმიერებას ითხოვენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილებაში ანთაძეების ოჯახის ბრალდებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მაღალი ქულების დაფიქსირება ოჯახის წევრების შრომის უნარიენობამ გამოიწვია. შესაძლოა სააგენომ ანთაძეებს დასაქმებაში დაეხმაროს.
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ შაქრო ანთაძე 2018 წლიდან დიაბეტის პროგრამით სარგებლობს. ბენეფიციარს სადღესასწაულოდ პროდუქტებიც გადასცეს. ანთაძეები პროგრამით მიმდინარე წელსაც ისარგებლებენ.