კვირა 25, აგვისტო 2019

წაბლიანი - სოფელი სასმელი წყლის პრობლემისა და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე

11, ივნისი 2019 20:50:00

სოფელი სასმელი წყლის პრობლემისა და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. წაბლიანში მცხოვრებლები შუახევ ჰესის მშნებელობას აპროტესტებენ. ადგილობრივები საუბრობენ ქვათა ცვენასა და  სახლების ბზარვაზეც. როგორ რეაგირებს ხელისუფლება მოქალაქეების პრეტენზიებზე? 

ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც შუახევ ჰესის ასაშენებლად, სოფლის ბოლოს გვირაბი გავიდა სასმელი და სარწყავი წყლები დაიკარგა, საცხოვრებელი სახლები კი დაიბზარა. 
აჭარის მთის შორეული სოფელში, სადაც ოჯახები თავს ძირითადად, სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით ირჩენენ, უწყლობის გამო ბევრმა მარჩენალი ძროხებიც კი გაყიდა. უხუცესი, შოთა შაინიძე გვეუბნება, რომ  წაბლანა სიდუხჭირისა და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა.
ცირა აბაშიძის თქმით, საცხოვრებელ სახლთან ქვათა ცვენამ იმატა. გეოლოგიურმა პროცესებმა კი თავის მხრივ სახლის დაბზარვა გამოიწვია. 
სოფლების: წაბლანა, წაბლიანის მოსახლეობისთვის ბათუმში საცხოვრებელი ბინები აჭარის მთავრობისა და ჰესის მშენებელი კომპანიის მიერ დაფინასებული თანხით აშენდა. ხელისუფლებამ, მოსახლეობის მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობა „წაბლანა-2015“ -ს  5001 კვადრატული მიწის ნაკვეთი 2015 წელს,  სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა. გარდა მიწის ნაკვეთის, ამხანაგობას 550 ათასი ლარი მშენებლობის თანადაფინასებისთვისაც გამოუყო. „აგე-ბათუმმა“ კი დაახლოებით, მილიონ 700 ათასამდე თანხა ჩარიცხა. მართალია მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა, თუმცა დიდმა ნაწილმა გადასვლა ვერ შეძლო, რადგანაც მათ მხოლოდ „შავი კარკასი“ გადაეცა და ბევრმა გარემონტება ვერ შეძლო.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, რომ არსებული პრობლემები ცნობილია და წყლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. ვახტანგ ბერიძე დასძენს, რომ მეწყრული პროცესებთან დაკავშირებით უწყება გეოლოგიური დასკვნების შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.
ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, წაბლიანიდან მსგავსი პრობლემებით არ მიუმართავთ და რადგანაც პროცესი დასრულებულია მოკვლევას აღარ გეგმავენ. აქვე იმასაც დასძენენ, რომ ჰესის მშენებლობას აჭარის მთიან სოფლებში, გეოლოგიური პროცესების გააქტიურება და სასმელი წყლების დაკარგვა არ გამოუწვევია.

 


დღის ამბები