11, დეკემბერი 2019 21:20:00
ხელვაჩაურის ერთ ნაწილში თუ ინფრასტრუქტურული პრობლემებია, მეორე ნაწილს ჰესის მშენებლობით მიყენებული ზიანი აწუხებს. მარადიდში მცხოვრებლებმა პრეტენზიები დღეს მთავრობის სახლის წინ დააფიქსირეს. მოქალაქეებმა თქვეს, რომ ობიექტის განთავსების გამო ტერიტორია იტბორება, რაც მეურნეობების დაზიანებას იწვევს. ხატია გოგრაჭაძემ იკითხა მთავრობაში აპირებს თუ არა ხელისუფლება ხეობაში მცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებას.
მარადიდში მცხოვრებლებმა, დღეს მთავრობის სახლთან, თავიანთ საკუთრებაში არსებული ქონების შესაძლო ჩამორთმევა გააპროტესტეს. ადგილობრივების თქმით, ხეობაში მიმდინარე ჰესის მშენებლობის გამო, მათი ნაკვეთები დაიტბორა, კომპანია კი ზარალს არ უნაზღაურებს.
ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ კომპანიამ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ახორციელებს კაშხალი მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე ჩადგა. მათი თქმით, ამის შედეგად გამოწვეულმა დატბორვამ საარსებო მეურნეობებიც დაუზიანათ. მიყებნებული ზარალის ანაზრაურებისთვის სასამართლოსაც კი მიმართეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.
აქციაზე უფლებადამცველიც იმყოფებოდა. თამაზ ბაკურიძე იმ კომისიის წევრი იყო, რომელიც კომპანია „აჭარა ენერჯი 2007-ისა“ და სახელმწიფოს წარმომადგენლებამდე, მარადიდის მცხოვრებლების ინტრესების მისატანად, სასპეციალურად შეიქმნა.
აქციაზე შეკრებილები რეგიონის პირველ პირთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა, მათ მხოლოდ აპარატის წარმომადგენელი შეხვდა. კახაბერ შაშიკაძემ მარადიდის მცხოვრებლებს განუცხადა, რომ რეგიონის მთავრობა, ხეობის მცხოვრებლებს გვერდში დაუდგება.
აქციის მონაწილეებმა, თორნიკე რიჟვაძეს 10 დღიანი ვადა მისცეს. ისინი ითხოვენ, რომ რეგიონის პირველი პირი, ხეობაშივე გაეცნოს ადგილობრივების პრობლემებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.