28, ოქტომბერი 2020 20:18:00
პანდემიის ფონზე რომ ცხოვრება გაძვირდა, არახალია. ეს ყველა მოქალაქის ჯიბეს დაეტყო და სამომხმარებლო კალათაზეც აისახა. საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში პროდუქტზე ფასებმა თითქმის 2 პროცენტით იმატა. „მაცნემ“ ამის გადამოწმება ბათუმის აგრარულ ბაზარზე სცადა.
ბათუმის აგრარული ბაზარი, მოვაჭრეებს, ასეთი ცარიელი არასოდეს ახსოვთ. მომხმარებელი პანდემიის შემდეგ, პროდუქტებზე ფასების კოლოსალურმა ზრდამ დააფრთხო. არსებული რეალობის ფონზე კი მოვაჭრეების პრობლემებს კიდევ ერთი დაემატა. იმის გამიო, რომ რეალიზაციას ვერ ახდენენ, გასაყიდი პროდუქტები უფუჭდებათ, შესაბამისად, ეზრდებათ ზარალიც.
იმპორტირებულ პროდუქტთან ერთად, გაზრდილი ფასები თვალშისაცემია ადგილობრივი წარმოების პროდუქტზეც. მაგალითად, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, კილოგრამი ყველი ორი ლარით გაძვირდა.
მოსახლეობისთვის, მაინც, ისეთი პროდუქტების გაძვირება აღმოჩნდა ყველაზე მძიმე, როგორიცაა ზეთი, შაქარი, მარილი, ბრინჯი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტი.
ფასი არც ისეთ პორდუქტებზეა შენარჩუნებული, როგორიცაა ნიორი, ხახვი, კარტოფილი, ფქვილი და სხვა.
ეკონომისტის, გიორგი კეპულაძის თქმით, შექმნილი მდგომარეობა, უპირველსად ლარის გაუფასურების შედეგია და ამ რეალობაში ძველი ფასების შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა.
საქსტატის მონაცემებით 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.