02, მარტი 2021 18:01:00
ბათუმში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის საფასურის გაზრდას ითხოვენ, ან მერიისგან ისეთი შეღავათის გაწევას, რაც მისცემთ საშუალებას, მგზავრობის ღირებულება არ გაზარდონ. სხვა შემთხვევაში, აცხადებენ, რომ სამუშაოდ აღარ გავლენ. დღეს მათ უფლებადამცველთან ერთად აქცია გამართეს.
N39, 49, 56 ნომრით მოძრავი მიკროავტობუსები, ხელვაჩაურის მიმართულებით დადიან, თუმცა მძღოლები დღეს მგზავრებს არ ემსახურებიან. ამტკიცებენ, რომ ფუჭად მუშაობენ და მგზავრობის საფასურის 20 თეთრით გაზრდას ითხოვენ. პროტესტის ნიშნად, აჭარის მთავრობის სახლთან მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს.
მძღოლები, ახალ სატრანსპორტო სქემას, რამდენიმე მიზეზის გამო იწუნებენ. ერთ-ერთი პირველი, რიგ ქუჩებზე, ცალმხრივი მოძრაობის შემოღებაა. ამბობენ, რომ ცვლილების შემდეგ, დანიშნულების პუნქტამდე გაცილებით დიდი მანძილის გავლა და მეტი დროის დახარჯვა უწევთ. მძღოლები ამბობენ, რომ ეს მათ შემოსავალზეც აისახება.
შპს "აჭარტრანსრეგულირებაში", რომელიც ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიაა, აცხადებენ, რომ ახალი ტარიფის განსაზღვრისთვის, აუდიტი დაიქირავეს. დასკვნაში წერია, რომ საწვავის ფასების, კოვიდრეგულაციების და მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, საფასური 50-ის ნაცვლად, 70 თეთრით უნდა განისაზღვროს. დასკვნა ბათუმის საკრებულოში უკვე გადაგზავნილია. კენჭს თვის ბოლომდე უყრიან.
იმისთვის, რომ მგზავრობის საფასური 50 თეთრიან ნიშნულს არ გასცდეს, ბათუმის მერია ალტერნატიულ პირობასაც განიხილავს. ეს გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, მძღოლები ნებართვის მოსაკრებლისგან გაათავისუფლონ, რის სანაცვლოდაც, ტარიფს აღარ გაზრდიან. სხვადასხვა სამარშრუტო ხაზისთვის ეს გადასახადი, დღეში 6-დან, 8 ლარამდე მერყეობს.
მძღოლები, ამ ტიპის შერავათზე თანახმა არიან, თუმცა ითხოვენ რომ გადაწყევტილება რაც შეიძლება მალე მიიღონ, რადგან უკვე მუშაობენ და ფაქტობრივად ზარალზე. სხვა შემთხვევაში, აცხადებენ, რომ სამუშაოდ აღარ გავლენ.