23, აპრილი 2021 21:58:00
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გონიოში. ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. პროტესტის მიზეზი, კვლავ, მიწების დაკანონების მოთხოვნაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლება ხალხს ატყუებს.
ამჯერად, გონიოელებს ადგილზე, ჯაბა ფუტკარაძემ მიაკითხა, თუმცა, რამდენად გააკეთა ეს თავისი სურვილით, უცნობია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გონიოში ვიზიტი, ხალხის მწვავე პროტესტმა განაპირობა. პრობლემების მოსაგვარებლად დრო, როგორც ადრე ახლაც მიმდინარე წლის ოცდაათ აპრილამდე ითხოვა და მოქალაქეებს მათი მოთხოვნების ეტაპობრვად დაკმაყოფილების პირობა მისცა.
ამ პირობამდე, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას, პოლიციასა და გონიოელებს შორის, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პროტესტის ამ ფორმით, ადგილობრივები, ფუტკარაძის ადგილზე მისვლას ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ მინისტრთან თავად მისულიყვნენ, თუმცა, კატეგორიული უარი მიიღეს.
პროტესტი, ისევ და ისევ მიწების დაკანონების საკითხს მოჰყვა. ამის გამო, ასამდე ოჯახი, კვლავ, ასახლების შიშით ცხოვრობს.
ამ მოთხოვნებით, აქციები, მთავრობის სახლთანაც არაერთხელ გამართულა. 2008 წელს, გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებლებს ნაკვეთები დაუკანონეს, თუმცა, შეთანხმება მალევე გაუქმდა. რამდენიმე ოჯახმა სამართლებრივი გზით საკუთრების უფლება აღიდგინა.
აქციაზე ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. იგი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
იმ შემთხვევაში, თუ გონიოელების მოთხოვნები, მიმდინარე წლის ოცდაათ აპრილამდე არ დაკმაყოფილდება, მთავრობის სახლთან კარვების გაშლას და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.