18 წლის წინ, „ვარდების რევოლუციამ“ სტარტი სწორედ გაყალბებული არჩევნების მიზეზით აიღო. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში, 2003 წლის ოთხ ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მმართველმა ძალამ ცესკოს შედეგები გამოაცხადა. საყოველთაო პროტესტს, ის პარტიებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ბარიერი გადალახეს. მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე.
„მოქალაქეთა კავშირის“ ხელისუფლება, 2003 წლის 23 ნოემბერს რევოლუციის გზით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასრულა. 18 წლის წინ, 23 ნოემბერს, აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ, სხდომათა დარბაზი დაიკავეს და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა. გადაწყვეტილება, ამავე დღეს ოპოზციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა და განმარტა, რომ ამ ნაბიჯით, ქვეყანას სისხლისღვრა აარიდა. შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა.
ვარდების რევოლუციის შემოქმედი, ამ პროცესებიდან 18 წლის შემდეგ პატიმარია. ქვეყანაში კი პოლიტიკური რეალობა, შეიძლება ითქვას, 2003 წლის ნოემბრის იდენტურია. საქართველო ისევ აქციებით და კონტრაქციებით ცხოვრობს. საზოგადოების ერთი ნაწილი, თვითმმართველობის არჩევნებს დღესაც უნდობლობას უცხადებს და ცვლილებებისთვის იბრძვის. სხვაგვარად ფიქრობენ მმართველ გუნდში.
რევოლუციის გზით მოსულ ხელისუფლებას, საზოგადოებამ შეცდომები 2012 წლის შემოდგომაზე აღარ აპატია და ცვლილებას მხარი დაუჭირა. თუმცა რა დავტოვეთ წარსულში ვარდების რევოლუციის შემდეგ და რა ვერ ცუდი მემკვიდრეობიდან, ჩამონათვალი ორივე შემთხვევაში გრძელია, თუმცა, ერთ-ერთი უმთავრესი, ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარება, ისევ გამოწვევა.
დღეს „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლა არ სურს, რადგან ხალხის შეფასებით, ქვეყანა, ცუდ დღეში არ არის და მორიგი რევოლუციაც ნაცმოძარობას ამიტომ არ გამოუვიდა. ოპონენტების შეფასებით კი, ვარდების რევოლუციიდან მეთვრამეტე გიორგობა ისევ რევოლუციით რომ არ დასრულდა, ესეც 2003 წლის მონაპოვარია, არადა ისტორიული რევოლუციიდან, ორჯერ ცხრა წლის შემდეგ, ქვეყანაში ავტორიტარიზმი და ოლიგარქიული მმართველობაა აქტუალურია.
რევოლუცია არ იყო ვიმეს აკვიატება, ეს იყო შანსი თითოეული მოქალაქის და ქვეყნისთვის - ამბობენ ოპოზციაში და დასაფასებლად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, „ნაციონალური მოძარობა“ აღმოჩნდა ერთადერთი ძალა, რომელმაც ელექტორატი შეინარჩუნა და დარჩნენ იმ მთავარი ღირებულების ერთგულები, რომელიც აქტუალობას არ კარგავს - თავისუფლების.
მიუხედავად იმისა, ბევრი შეცდომა იყო და ისტორიული ცვლილებების ავტორი მსჯავრდებულია, ოპონენტები ამბობენ, რომ დანებება არ ღირს და რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.