26, ოქტომბერი 2018 20:02:00
სოფელ გარეტყეში მცხოვრებ თურმანიძეების მომღერალ ოჯახს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე, ქართული პოლიფონიური სიმღერით დაინტერესებული ფოლკლორისტები ხშირად სტუმრობენ. ვიზიტორთა შორის სიჭარბით ამერიკიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, შვეიცარიასა თუ იტალიიდანდან ჩამოსული ხელოვანები გამოირჩევიან.
ქედის მუნიციპალიტეტში სტუმრად, როგორც ოჯახებით, ასევე ინდივიდუალურად ჩამოდიან, ზოგიც სამეცნიერო დანიშნულებით, თუმცა აჭარის მთის შორეულ სოფელში ჩამოსულ ყველა ვიზიტორს მაინც საერთო ინტერესი - ქართული ფოკლორი აერთიანებს. სამეცნიერო მისიით ახლა აქ ოჯახით იმყოფება მეთიუ ნაითი. დისერტაციას სვანეთის ფოლკლორზე წერს, პარალელების გასავლებად კი აჭარის მთიანეთს რამდენიმე დღის წინ ეწვია.
მეთიუსთან ერთად, მერისული ფოლკლორის შესასწავლად თურმანიძეების ოჯახში 25-მდე უცხოელი იმყოფება, ჯგუფს ავსტრალიელი ლოიდ ოჰანლონი ხელმძღვანელობს.
ავსტრალიიდან ჩამოსული, ეროვნებით პოლონელი გოშა ქაშუბსკა გვეუბნება, რომ ქართული ფოლკლორი მისი არამარტო შესწავლის ობიექტი - გატაცებაც კი არის და მერისში სპეციალური მისიით მყოფ ჯგუფსაც ამ მოტივით შეუერთდა.
აჭარის მთიანეთში მცხოვრები ოჯახებისგან, თურმანიძეების ეს ოჯახი, ქართული ფოლკლორის სიყვარულითა და უბადლო შესრულებით გამოირჩევა. აქ, ამ ოჯახში თითქმის ყველა მღერის და მაყურებლის წინაშე თურმანიძეები სამი თაობით წარსდგება. მომღერალი ოჯახის უხუცესი წევრი 84 წლის ამირან თურმანიძეა.
თურმანიძეები უცხოელებს ადგილობრივ მერისულ სიმღერებს ასწავლიან, სწავლების პარალელურად, ამ ოჯახმა წლების განმავლობაში დავიწყებას მიცემული ძველი მერისული სიმღერები, ნინო რაზმაძის დახმარებით აღადგინა და საკუთარ რეპერტუარშიც შეიტანა.
ვიზიტორები აქ არამარტო ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, არამედ კერძების კეთებასაც სწავლობენ. ვორქშოპს ჯემალის ცოლი, მანანა უტარებს. დღის წესრიგით გაწერილი „ყათმერის“ კეთებაც დღეს დილით დაიწყო, ზოგი სწავლებასთან ერთად საქმესაც ითავსებს.
თურმანიძეების მომღერალ ოჯახს, 2016 წელს ფოკლორის ეროვნულ ფესტივალზე, „ოჯახის“ ნომინაციაში ლაურეატის წოდება გადსცეს.