ახალი ამბები • 1750317090
პუტინის ომი და 365 დღე ბომბების ქვეშ - რა მაგალითი უჩვენა მსოფლიოს უკრაინამ?
პუტინის ომი და 365 დღე ბომბების ქვეშ. უკრაინელები ქვეყნის სუვერენიტეტისა და ერთიანობისთვის ისევ იბრძვიან. მოქალაქეების შეფასებით, ერთი წლის მანძილზე მეგობარმა ქვეყანამ სიმამაცისა და სამშობლოს სიყვარულის უდიდესი მაგალითი აჩვენა. ბათუმის ქუჩებში გამოკითხულები, ომში მყოფებს ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ურჩევენ. ამ მოცემულობაში კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებსაც აფასებენ.
ზუსტად ერთი წლის წინ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიას გაუმკლავდებოდა. თუმცა, უკრაინელმა ხალხმა შეძლო და ოკუპანტი ქვეყნის უძლეველობის მითები დაამსხვრია. მამაცმა ერმა, უმძიმეს 365 დღეს გაუძლო და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, მტრისგან, დღემდე, მედგრად იცავს. საზოგადოების შეფასებით, უკრაინამ, მსოფლიოს, სიმამაცე, პატრიოტიზმი, სამშობლოს და დამოუკიდებლობის უდიდესი სიყვარული აჩვენა.
ომში მყოფმა უკრაინამ დასავლეთს დაუმტკიცა, რომ ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებდა. სწორედ, უპრეცედენტოდ, ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საომარ პირობებში მიიღო. იგივე სტატუსის მიღების მოლოდინში მყოფი ქართველები, საუკუნოვან მეგობარს, გამარჯვებას და ბოლომდე მედგრად დგომას უსურვებენ.
ქართველი საზოგადოების ნაწილი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ომის ქრონოლოგიას ადევნებდა თვალს, პროცესებში ოცნების პოლიტიკას უარყოფითად აფასებს. ფიქრობენ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობა, არ გაღიზიანების პრინციპის ფარდის ქვეშ, პრორუსულობას მალავს. ფიქრობენ, რომ რუსეთის აგრესიისგან არაერთგზის ქარტეხილგამოვლილი ქვეყანა, უკრაინას სოლიდარობას უნდა უცხადებდეს. მათი თქმით, ქვეყნის ლიდერები, ღია მხარდაჭერას, უკრაინაში ვიზიტებით უნდა გამოხატავდნენ.
საზოგადოების მეორე ნაწილი, მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა, ამავდროულად, საქართველოს მთავრობის საქციელს იწონებს. ამბობენ, რომ პატარა ქვეყანა საკუთარი განცხადებებით, ოკუპანტ რუსეთს არ უნდა აღიზიანებდეს, ვინაიდან, მეორე ფრონტის ხაზის გაიხსნას საშიშროებას ხედავენ.
საომარი ერთი წლის განმავლობაში, უკრაინამ, ოკუპანტი რუსეთის არმიას უკან არაერთხელ დაახევინა. უკრაინელები სისხლისა და სიცოცხლის ფასად, ხშირ შემთხვევაში, უბრალო მოქალაქეებიც შიშველი ხელებით, იცავენ ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ხნის განმავლობაში, ერმა შეძლო მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ რუსეთის უძლეველობა მითია. არაერთი მძლავრი შეტევის მიუხედავად კიევის თავზე, დღემდე უდრეკად, ფრიალებს ეროვნული დროშა. უკრაინა კი, მსოფლიო დემოკრატიის სადარაჯოდ და მაგალითად იქცა.

1739131407