საპროტესტო აქცია ბათუმში - მშობლები საბავშვო ბაღში აღმზრდელის დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან

მშობლები საბავშვო ბაღის თანამშრომლების წინააღმდეგ. საპროტესტო აქცია ბათუმის მე-7 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებმა გამართეს. ისინი იმ ორი აღმზრდელის დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში ამავე დაწესებულებიდან გაუშვეს. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ზაირა ბეჟანიძე მოძალადეა და არ დაუშვებენ, რომ იგი შვილთან, ირინა პაპუნიძესთან ერთად სამუშაოდ ისევ უკან დაბრუნდეს.

ბათუმის, #7 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლების პროტესტი, ბოლო რამდენიმე დღეა მძვინვარებს. მშობლები თავიანთი შვილების ყოფილი აღმზრდელების ბაღში დაბრუნების წინააღმდეგნი არიან. ამბობენ, რომ დედა-შვილი - ზაირა ბეჟანიძე და ირინა პაპუნიძე ბავშვებზე მოძალადეები არიან.

მშობლების მტკიცებით, წლების თანამშრომლები, მე-7-ე ბაღიდან, ძალადობის ფაქტების გამო, გასული წლის ოქტომბერში გაუშვეს. ისინი სამუშაოდ ბათუმის 10-ე და 33-ე საბავშვო ბაღებში გაანაწილეს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ისინი უკან დაბრუნებას ძალადობრივად და მუქარებით ცდილობენ. ამბობენ, რომ ზაირა ბეჟანიძის დაბრუნება, საფრთხეს  ბაღის გამგეს სოფიო ჩიჩუასაც შეუქმნის.

ბაღის გამგე დუმს. ამბობს, რომ მის კომპეტენციას არც თანამშრომლების აყვანა განეკუთვნება და არც შინ გაშვება. კითხვებით, საბავშვო ბაღების გაერთიანებას მივმართეთ. ხელმძღვანელთან აქციის მონაწილე მშობლებიც მივიდნენ. როგორც აქ ამბობენ, გასულ წელს, ზაირა ბეჟანიძე არა ბავშვებზე ძალადობის მიზეზით გაუშვეს, არამედ, თანამშრომლებთან კონფლიქტს გამო, შიდა მოკვლევის დასრულებამდე  დროებით გაარიდეს ბაღს. გაერთიანების იურისტის თქმით, დღემდე, არცერთი საჩივარი, წერილი და რაიმე მტკიცებულება მიუღიათ ძალადობის მხილებისთვის.

პოზიციის გაგებას ცხადია ვეცადეთ თავად ზაირა ბეჟანიძისგანაც. ამბობს, რომ შარშანდელი კონფლიქტის შემდეგ, შიდა მოკვლევის დასრულებას ელოდება, ამიტომ ბაღში დამოუკიდებელი ნებით დაბრუნების მცდელობა არ ჰქონია. დეტალებზე სასაუბროდ კი ადვოკატთან გადაგვამისამართა. არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ ყველაფერი გამგის, სოფიო ჩიჩუას ოინია, რადგან ებრძვის ყველას ვინც მასთან არ მეგობრობს და აქვს მეგობრული კავშირი ბაღის ყოფილ გამგესთან, ამისთვის მშობლებს ბოროტად იყენებს. ადვოკატი #7-ე ბაღის გამგეს, სხვა ბრალდებებშიც ამხელს.

მხარეების ურთიერთბრალდებები მძიმეა, თუმცა ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუა ჩუმად ყოფნას ამჯობინებს. ახალა, მთავარი პასუხისმგებლობა ბაღების გაერთიანებაზეა. როდის დაასრულებს შიდა მოკვლევა, უცნობია, თუმცა არაა გამორიცხული, ურთიერთბრალდებების შინაარსიდან გამომდინარე, საქმე სასამართლომდე მივიდეს.

მეტის ნახვა