14, მაისი 2019 20:33:00
ტურისტულ სეზონამდე ზუსტად ნახევარი თვე რჩება, ამ ფონზე კი ქალაქში ინფრაქტრუქტურა მოუწესრიგებელა, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ზღვისპირა პარკში კი კვების და გასართობი ცენტრები უფუნქციოდაა დარჩენილი. რა დაგეგმა ტურიზმის დეპარტამენტმა სტუმრებისთვის?
ზაფხულის სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, თუმცა ბათუმის ქუჩებში ტურისტების სიმრავლეა. ამბობენ, რომ ქალაქის ღირშესანიშნაობებით მოხიბლულები არიან, მაგრამ სამომავლოდ კიდევ უფრო ბევრ სიახლეს ელოდებიან.
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და თვითმარქვია გიდები, ტურისტულ ქალაქში წელსაც პრობლემად რჩება. სეზონის დაწყებამდე, მოსამზადებელ სამუშაოებს ტურიზმის ექსპერტი აფასებს. თემურ დიასამიძე მიიჩნევს, რომ შესაბამისი სამსახურები ტურისტული სეზონისთვის ერთმანეთთან შეუთანხმებლად მუშაობენ, რაც სამომავლოდ ვიზიტორების რაოდენობაზე აისახება.
თემურ დიასამიძე ბულვარის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ უფინქციო კვების, სავაჭრო და გასართობ ობიექტებზეც ამახვილებს ყურადღებას. აღნიშნავს, რომ მათი კეთილმოწყობა ქალაქში სტუმრების ჩამოსვლამდე უნდა დასრულდეს.
ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ბათუმის ბულვარში, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ზღვისპირა პარკში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო, იგეგმება ველობილიკის რეაბილიტაციაც. მოეწყობა გორდეზიანის სკვერი. განთავსდება ხის საბავშვო ატრაქციონები.
ვიზიტორების ინფორმირებულობისა და რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ 40-მდე ინფო ტური დაიგეგმა, ასევე, 27 საერთაშორისო ფესტივალი. როგორც უწყებაში გვითხრეს, სპეციალური საკოორდინაციო საბჭო რეგიონში ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს სწავლობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვიზიტორებს წელს ახალი ტურისტული მარშუტებით ხვდება. პრიორიტეტი კვლავ სამთო ტურიზმია. სტუმრებს პირველად მიეცემა საშუალება ისარგებლონ ხულო-სხალთის საფეხმავლო ბილიკით, ასევე, ალპური სათავგადასავლო მარშუტებით. ეკო და სოფლად არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 147 ათასი ლარია გათვალისწინებული.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს წელს რეგიონის 17 ქვეყანაში პოპულარიზაციისთვის 5 978 400, ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისთვის, ასევე ფესტივალების ორგანიზებისთვის 1 010 500 ლარი აქვს გათვალისწინებული.