22, ივნისი 2020 14:44:00
სოფელი, სადაც ადამიანები სასმელი წყლის გარეშე იტანჯებიან. ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრებლებს ჰიგიენის დაცვა უჭირთ. პრობლემა წლებია არსებობს. თუკი აქამდე წყალი გრაფიკით მიეწოდებოდათ, ბოლო ერთი თვეა, ეს შესაძლებლობაც დაკარგეს.
ისედაც მოუგვარებელი სასმელი წყლის პრობლემა სოფელ ლეღვაში დღეს კიდევ უფრო მწვავედ დგას. თუ კი სოფელში წყალმომარაგება აქამდე არარეგულარულად, გრაფიკით ხდებოდა, დღეს ოჯახები სრულიად უწყოდ არიან. ასეთი მდგომარეობა თითქმის ერთი თვეა გრძელდება. უწყლობის გამო ოჯახები ვერც საკარმიდამო ნაკვეთებს უვლიან, ამიტომ ნარგავები უხმებათ. გელა საგინაძე ვარაუდობს, რომ გვალვის შედეგად წელსაც მოსავლის გარეშე დარჩება.
გარდა იმისა, რომ უჭირთ ჰიგიენური ნორმების დაცვა, უწყლობის გამო ხელი კიდევ უფრო ეშლებათ იმ ოჯახებს, რომლებიც მშენებლობით თუ საცხოვრებლის რემონტით არიან დაკავებულნი. სასმელი წყლის გარეშე ადამიანებს შინაური ცხოველების მოვლაც უჭირთ.
ადგილობრივები გვიყვებიან იმასაც, რომ რამდენიმე წლის წინ სოფელში გადასახადის სახით წყლის ფიქსირებული ტარიფი მოქმედებდა. გადასახადი გაურკვეველი მიზეზით გაუუქმდათ და წყლის მიწოდებაც შეუწყდათ.
პრობლემაზე ქობულეთის მერიაში მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს. უწყებაში ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მილი იყო დაზიანებული, რაც უკვე შეკეთებულია და წყლის მიწოდებაც დილიდან უნდა აღუდგეთ.