11, იანვარი 2017 11:35:00
სოფელ ფაჩხაში გზის გაწმენდილი მონაკვეთი აქ სრულდება. ბახმაროს უბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დიდთოვლობის შემდეგ, ტექნიკა არ გამოჩენილა და სოფლის ცენტრიდან სამი კილომეტრის გავლა უკვე ორი თვეა ფეხით უწევთ.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ვერ გადაადგილებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და მედიკოსების ბრიგადები პაციენტებამდე ფეხით მიდიან. პრობლემებთანაა დაკავშირებული ავადმყოფების საავადმყოფოში გადაყვანაც. გადაადგილება უჭირთ მოსწავლეებსაც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ზამთრისთვის სურსათით მომარაგება წინასწარ ვერ შეძლეს, ზამთარში კი ტვირთის გადატანა ზურგით უწევთ.
მოსახლეობის განმარტებით, გზის გაწმენდის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა - უშედეგოდ. ადგილობრივები სოფლიდან გახშირებულ მიგრაციასაც უგზოობის პრობლემებს უკავშირებენ.
ფაჩხაში ტექნიკა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მდგომარეობა "მაცნეს" გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა. საგზაო დეპატრამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გზის გაწმენდა ინტენსიური თოვისა და გაუმართავი ტექნიკის გამო გაჭიანურდა.
ფაჩხა სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის და სოფელში 120 კომლი ცხოვრობს.