06, თებერვალი 2020 19:15:00
დედაქალაქის შემდეგ სახელმწიფო უწყებების პიკეტირება რეგიონშიც დაიწყო. სირცხვილის კორიდორის მოწყობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის , ალტერნატივას და მოძრაობა გაბედეს წევრებმა დღეს ბათუმის მერიის წინ სცადეს. ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა შემოხლა იყო.
დაპირისპირება, ბათუმის მერიის შენობასთან, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დილით დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციამ სირცხვილის კორიდორი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მოუწყვეს. კანონმდებლებს რიგგარეშე სხდომაზე შესასვლელად, პოლიციის დახმარება დასჭირდათ.
ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და მოძრაობა „გაბედეს“ წევრები, ხელისუფლებას, ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს იმ თავისუფალი არჩევანის საშუალება წაართვა, რასაც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება გულისხმობს.
უმაღლესი საბჭოს სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო. ოპოზიციის შეფასებით იქ, სადაც ხალხის ბედი არ ადარდებთ, მათი ადგილიც არაა.
ადგილზე მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება ქვეყანას ყოველდღიურად აზარალებს. „ნაციონალური მოძრაობა“ სამთავრობო სხდომებში მონაწილეობას აღარ აპირებს და სამთავრობო შენობების ბლოკირების გაგრძელებას აანონსებს.
უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციის ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ გრძნობენ. დავით გაბაიძის თქმით, კონსტიტუციის ცვლილება უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა არაა.
აქციის მონაწილეებმა ამ შეძახილებით, სხდომიდან გამოსული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გააცილეს. ისინი, ყოველდღიური აქციებით ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას და სამთავრობო შენობების პიკეტირების გაგრძელებას აანონსებენ.