ინფორმაცია ძალაუფლების წყაროა და ის ხალხს ეკუთვნის. მისი მიღება და გავრცელება კი მედიის მთავარი ფუნქციაა. ჟურნალისტის მოვალეობა ზუსტი, ობიექტური და დაბალანსებული ამბების დროულად მოყოლაა. ფაქტები კი აუცილებლად უნდა იყოს გადამოწმებული და სანდო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული. რა პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობს მედია, რომელიც ძალიან ხშირად ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას აღიზიანებს და დისკომფორტს უქმნის? რამდენად ანგარიშვალდებულნი არიან საჯარო მოხელეები რეპორტიორების კითხვებს უპასუხონ?
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“- ამ სიტყვებით იწყება ჟურნალისტიკის პრინციპების ნებისმიერი სახელძღვანელო. საერთაშორისო მედია თანხმდება იმაზე, რომ ობიექტური და დაბალანსებული ამბების დროული გავრცელება რეპორტიორის მთავარი მოვალეობაა.
ყველა ჟურნალისტს ასწავლიან, რომ უნდა დასვას შეკითხვები: ვინ? რა? როდის? სად? საუკეთესო რეპორტიორები კი იძლევიან კითხვებს როგორ? და რატომ? - რომლებიც თქვენ, საჯარო მოხელეების უმრავლესობას გაღიზიანებთ. რატომ ვსვამთ კრიტიკულ კითხვებს? რატომ ვიღებთ ფარულად ან შევდივართ კერძო საკუთრებაში? მართალია ამას საჯარო მოხელეები და მაღალჩინოსნები „თქვენს საქმეში ცხვირის ჩაყოფას“ და ჭორაობას უწოდებთ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა და არა პირადი ინტერესი. გპასუხებთ ამ ფორმით, რადგან ხშირ შემთხვევაში, გადასაღები მოედნიდან ობიექტური მედიის წარმომადგენლებს შენობის უკანა კარიდან გვეპარებით. ჟურნალისტებისვის შემუშავებულ ნებისმიერ სახელმძღვანელოში შავით თეთრზე წერია, რომ „თუ კარი დაგიკეტეს, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე“. რა თქმა უნდა, თუკი თემასთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და მასალის მოპოვება ღიად ვერ მოხერხდა.
თქვენ, საჯარო მოხელეები, ხართ ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. იმ ხალხის წინაშე, რომლებიც ძირითადად არჩევნებზე გახსენდებათ და თანამდებობების მოპოვების შემდეგ მათ ბიუჯეტს განკარგავთ. ჟურნალისტები სწორედ იმ კითხვებს გისვამთ, რომლებიც სწორედ ამ ხალხს უჩნდება. და კიდევ. „არ არსებობს სულელური კითხვა, არსებობს სულელური პასუხები“ - ესეც ჟურნალისტიკის კურსებზე ისწავლება.
ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა ხელისუფლების კონტროლი, მის გამჭვირვალობაზე დაკვირვება და ვოჩდოგის, ანუ „მოდარაჯე ძაღლის“ ფლაგმანზე ყოფნა. ჟურნალისტები არსად იქექებიან და როგორც ბევრი თქვენგანი ამბობს, არც მიკროფონები ყარს. რეპორტიორები ხალხის ინტერესების დასაცავად, თქვენს ზედამხედველობას ახორციელებენ.
დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, დაარღვიოს პროფესიული სტანდარტი და საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. ინფორმაცია რეპორტიორმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდებით უნდა მოიპოვოს. ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, არ გავამჟღავნოთ კონფიდენციურად მიღებული ინფორმაციის წყარო. ერთ-ერთი პრინციპია ისიც, რომ მხოლოდ წითელი ლენტების გაჭრა არ გავაშუქოთ. ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმიჯნოთ მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალები. და ყველაზე მთავარი. ჩვენთვის უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად ითვლება,
ფაქტის განზრახ დამახინჯება, ქრთამის ან საჩუქრის მიღება საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მიზნის სანაცვლოდ და პლაგიატი.