ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

ხმაურით დაწყებული ბათუმის საკრებულოს სხდომა და დღის წესრიგის განსახილველად მარტო დარჩენილი უმრავლესობა. ოპოზიციის წევრები წარმომადგენლობით ორგანოში ე.წ.რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, „ოცნების“ გუნდი კი კანონპროექტის ქართულობას ამტკიცებდა. დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გუშინდელი კონტრაქცია და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები დარბაზში ოპონენტების გარეშე დარჩნენ და საკითხებს კენჭი დისკომფორტის გარეშე უყარეს.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ტრადიციულად დღესაც ხმაურით  დაიწყო. დაპირისპირება ოპოზიციისა და მმართველი გუნდის  წევრებს შორის დარბაზში გაშლილმა წარწერებმა  გამოიწვია. „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“- ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სათქმელი ამ ფორმით გამოხატეს, რასაც პროტესტი მოჰყვა.

ვიდრე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავიდოდნენ, დეპუტატებმა, პოლიტიკური  განცხადებები გააკეთეს. ძირითადი აქცენტები მიმდინარე აქციები  და პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი იყო.

სხდომაზე ისმოდა ბრალდებები და იყო ხმაური.  საბოლოოდ, დარბაზი  რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

სიტყვით ისარგებლა თეკლა კავაზაშვილმა. მისი განცხადებით, ახალი თაობა არ მოტყუვდება და  ოცნების ხელისუფლებას პასუხს მოახლოებულ არჩევნებზე გასცემს.

სხდომაზე, ოპოზიციის წევრმა, ნოდარ დუმბაძემ „ბათუმობის“ საკითხიც დააყენა. მისი განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე, საზეიმო განწყობა უნდა იგრძნობოდეს, ქალაქის პერიფერიულ ნაწილშიც.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას, „ქართული ოცნება“ სხდომათა დარბაზში, მარტო დარჩა. ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ  უმრავლესობის წევრებთან კამათს აზრი არ აქვს, ვინაიდან მათ მიერ წამოჭრილი საკითხები და პრობლემები, არასდროს არ ინიცირდება.

საკრებულოს სხდომაზე,  რომელზეც საბოლოოდ მხოლოდ უმრავლესობის წევრები დარჩნენ,  დღის წესრიგით  20 საკითხი განიხილეს, მათ შორის, ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება.

მეტის ნახვა