06, სექტემბერი 2019 21:50:00
მსხვერპლით დასრულდა უბედური შემთხვევა ქობულეთში. გარდაცვლილია უცხო ქვეყნის მოქალაქე. იგი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ლიფტის შახტაში ჩავარდა. თემის დეტალებს ხატია გოგრაჭაძე არკვევდა.
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისას ერთი ადამიანი, დაშავდა, მეორე კი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, დასაქმებულებმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები, სავარაუდოდ, ლიფტის შახტაში ჩავარდნისას მიიღეს.
ქობულეთის საკრებულოს წევრი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა თავის დროზე მთელი რიგი დარღვევების ფონზე მოხდა. მერაბ ცინცაბაძე ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მსგავსი საკითხების მიმართ, სათანადო ყურადღებას არ იჩენს.
მშენებლობაზე დაშავებული მუშა, რომელიც შემთხვევას გადაურჩა, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტი, შოკურ მდგომარეობაში, ხერხემლის მალის მოტეხილობით შეიყვანეს და გამოკვლევები კვლავ უტარდება.
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "კრისტალ ბილდინგი" ახორციელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები, "TV25"-ის გამოჩენამ გააღიზიანა, ტერიტორიის გადაღების უფლება არ მოგვცეს და მომხდარი ფაქტი უარყვეს. ამბობენ, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში არავინ დაზიანებულა. არგუმენტზე, რომ მაუწყებელს მომხდარზე დადასტურებული ინფორმაცია ჰქონდა, ტექნიკის დაზიანებით დაგვემუქრნენ.
ჩვენ კომპანიის წარმომადგენელებთან დაკავშირება ვერ შევძელით. მუშები, რომლებიც მშენებლობაზე დაზიანდნენ, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.