არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკოსების პარტიებში გადასვლისა და პოზიციების შეცვლის ტრადიცია არც წელს დაირღვა. პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებულია, მათ შორის აჭარაშიც. მორიგი საკადრო ცვლილება ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში განხორციელდა. დიმიტრი ჭეიშვილმა „ოცნება“,,დაუსრულებელი კოჰაბიტაციის“ მიზეზით დატოვა და ყოფილი პრემიერის გუნდში გადასვლა დაანონსა. ჭეიშვილის გადაწყვეტილებას წინ მისი კომიტეტის თანამშრომლის გათავისუფლება უძღვოდა, რომელიც გიორგი გახარიას მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩეოდა. ხულოში „ოცნებას“ 2 ოპოზიციონერი შეურთდა, ამის პარალელურად კი პარტიიდან 1 თანაგუნდელი გარიცხეს. ქართული პოლიტიკის ჭადრაკი ნახეთ რეპორტაჟში.
ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ჭეიშვილი, „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდში გადადის. ამის შესახებ, მან, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა. საკრებულოს წევრი გადაწყვეტილების მიზეზად ,,დაუსრულებელ კოჰაბიტაციას ასახელებს და წერს, რომ არ დაივიწყებს ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართული ოცნები“ ს როლსაც.
დიმიტრი ჭეიშვილი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად, საკრებულოს აპარატის თანამშრომლის, გია აბულაძის, სამსახურიდან დათხოვნას ასახელებს. თავად, აბულაძე კი ამბობს, რომ იგი ყოფილ პრემიერზე პოზიტიური სტატუსის გამოქვეყნების გამო გაათავისუფლეს და ბრძოლის გაგრძელებას, გახარიას გუნდში, გეგმავს.
დიმიტრი ჭეიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე, მმართველი გუნდი, დღეს, იმსჯელებს. „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ჭეიშვილი პარტრიიდან, უკვე, რამდენიმე დღის წინ გარიცხეს. გიორგი მანველიძე ამის მიზეზად, აზრთა სხვადასხვაობასა და დისციპლინარულ დაღრვევებს ასახელებს. მანველიძე ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, გადადგომის შესახებ სტატუსი პოსტ-ფაქტუმ გამოაქვეყნა.
გუშინ, „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, ხულოს საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეც. ირაკლი ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის რიგებიდან ის, არა დასახელებული მიზეზით, რომელიც „გუნდური პრინციპის დარღვევას“ეხებოდა, არამედ გიორგი გახარიასადმი სიმპატიების გამო გაათავისუფლეს. ამბობს, რომ ვიდრე ყოფილი პრემიერის პარტია შეიქმნება, საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებს.
ირაკლი ბოლქვაძის ნაცვლად, მმართველ პარტიას, საკრებულოში ორი ახალი წევრი შეემატა. „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდნენ დამოუკიდებელი დეპუტატი ნუგზარ სოლომონიძე და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე, მერაბ ღორჯომელაძე. ისინი გადაწყვეტილების მიზეზად, ხელისუფლების მიმართ, სიმპატიებს ასახელებენ.
ბოლო პერიოდში, მმართველი გუნდის მიერ, რეგიონში, გიორგი გახარიას მიმართ კეთილგანწყობილი თანამდებობის პირების გათავისუფლება სიახლეს არ წარმოადგენს. პირველი, ვინც უფროსის მითითების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, ირაკლი თავდგირიძე იყო. მას, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის უფროსის პოზიციას იკავებდა.