18, ოქტომბერი 2018 20:04:00
გოჩა მელაძე წავიდა და ოპოზიცია მის მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლო მიზეზებზე ალაპარაკდა. წავიდა თუ გაუშვეს? რას უკავშირებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები ხულოს ყოფილი მერის მოულოდნელ გადაწყვეტილებას და როგორ ხსნიან პროცესების ამგვარ განვითარებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველ გუნდში ?
მმართველი პარტიაში გოჩა მელაძის წასვლაზე განსხვავებული შეხვედულებები აღმოაჩნდათ. ცოტნე ანანიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მერის გადაწყვეტილება მისთვის უცნობია.
გიორგი მანველიძე ფაქტს ჩვეულებრივ პროცესად აფასებს. ამბობს, რომ გადაწყვეტილება როგორც პარტიულ, ასევე რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო. მიაჩნია, რომ საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვებიც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ლოგიკურია. თუმცა დასძენს, მელაძემ ოჯახის და თავისი საკეთილდღეოდ გადაწყვეტილება მიიღო.
ეს იყო იძულებით და ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება - ასე აფასებს მელაძის ნაბიჯს მედეა ვასაძე. ამას კი ხელისუფლებას უკავშირებს. ვარაუდობს რომ მელაძესა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება არჩევნების შესაძლო გაყალბებამ გამოიწვია.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მმართველ გუნდში კლანური დაპირისპირებები მიმდინარეობს. მელაძის წასვლაც ამას უკავშირდება. აქ იმასაც აღნიშნავენ, რომ პროცესები კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას.
„ქართული ოცნების“ დაბალ რეიტინგზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოში“. გოჩა მელაძის წასვლას ამ მიზეზით ხსნიან. პეტრე ზამბახიძე დარღვევბზე ამახვილებს ყურადღებას. აცხადებს, რომ საარჩევნო პერიოდში, ხელმძღვანელ პოსტზე, ძალოვანი სტრუქტურის წარმოამდგენლის დანიშვნა კანონდარღვევაა.
გოჩა მელაძემ ხულოს მერის პოსტი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიკავა. მას მხარი მოსახლეობის 60% დაუჭირა.