05, ნოემბერი 2021 21:31:00
300 ლარიანი დახმარება, წყალდიდობით დაზარალებული ოჯახებისთვის. სექტემბრის თვეში უამინდობისას, ბათუმში მცხოვრებლებს სტიქიამ საცხოვრებლები დაუტბორა, დაზიანდა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. მერია მაშინ მოსახლეობას კამერების წინ ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა. მთელი ორი კვირის განმავლოაბში დანაკარგს ითვლიდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კარგად ვერ დათვალეს. ზიანი თითოეულ ოჯახზე დაახლოებით 1000 ლარი იყო,მოქალაქეებს კი მხოლოდ 300 ლარი გადაუხადეს. სალომე უსტალიშვილი გვიამბობს.
აი, ასე დასცინა ბათუმის მერიამ სტიქიით შედეგად დაზარალებულებს. 22 სექტემბერს, წყალდიდობით მიყენებული ზარალი იმდენად დიდია, რომ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს დათვლა უჭირთ. თუმცა, ქალქის ხელმძღვანელობამ, რატომღაც გადაწყვიტა, რომ მათთვის, მხოლოდ, 300 ლარის ოდენობის კომპენსაცია საკმარისი იქნებოდა.
საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი იატაკი - აქ, ყველაფერი სტიქიამ გაანადგურა. იმ წყალდიდობამ, რომელსაც ბათუმში ყოველი გაწვიმების შემდეგ, გაუმართავი სანიაღვრე არხები იწვევს. აქ, მცხოვრებლები ამბობენ, რომ სამას ლარად სახლს ვერ შეაკეთებენ, თუმცა, ერთი კვირის სამყოფ პურის შეძენას ნამდვილად მოახერხებენ.
რამდენად საკმარისია სამასი ლარი, როდესაც მოქალაქეებს ათასობით ლარის ზარალი მიადგათ? კითხვის დასმა ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოსთვის გვსურდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, პასუხისმგებელი პირები „მაცნეს“ კამერებს, ამჯერადაც, დაემალნენ. აქ, მხოლოდ, წერილობით გვიპასუხეს, რომ 450 ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწია.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ 450 ოჯახს უკვე გაეწია შესაბამისი დახმარება. იმ ოჯახებს კი, რომლებმაც საჭირო დოკუმენტაცია მოგვიანებით წარმოადგინეს, დახმარება მომდევნო კვირიდან, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გაეწევათ.
ახლა რეალობა ასეთია - ყოველი გაწვიმებისას ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლები იტბორება. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები აქ, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, კორპუსი იმდენაც ავარიულია, რომ ნელ-ნელა საძირკველი ეცლება. უფრო მეტიც, შენობა ფაქტიურად იძირება.