11, ოქტომბერი 2018 20:01:00
პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მან ბათუმელებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. უსუფაშვილმა პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე ისაუბრა. ყურადღება საერთაშორისო ურთიერთობებზე გაამახვილა. პროგრამის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო ნომრით 25 - დაპირებებს მხოლოდ კომპეტენციის ფარგლებში გასცემს. დავით უსუფაშვილმა მაცნესთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც უშუალოდ პრეზიდენტის კომპეტენციაა. ამბობს, რომ ქვეყნის პირველი პირის ერთპიროვნული უფლებამოსილება ეკლესიასთან კონკორდატის გაფორმება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უსუფაშვილი თვლის, რომ ქვეყანაში საერო და სასულიერო ხელისუფლება დამოუკიდებლად უნდა ახერხებდეს თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელებას. ამტკიცებს, რომ კონკრეტული და ეფექტური გეგმა აქვს, თუმცა ჯერ ამაზე დეტალურად არ ისაუბრებს.
პრეზიდენტობის კანდიდატს მიაჩნია, რომ პატიმართა შეწყალება არ უნდა იყოს ისეთი ხშირი როგორიც ახლა არის. თითოეულ შეწყალების აქტს დამაჯერებელი დასაბუთება უნდა ახლდეს. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით მას შესაწყალებელ ადამიანთა სია არ აქვს, მაგრამ გადაჭრით ამბობს, რომ ქვეყნის მტერს და მოღალატეს არასდროს შეიწყალებს.
დავით უსუფაშვილი მოქალაქეობის მინიჭების თემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საკითხზე აქტიურად იმუშავებს და ამ სფეროში უპირველესად საქართველოდან წასული მოქალაქეების ინტერესების გამტარებელი იქნება.
პრეზიდენტობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ქვეყნის მთავარსარდლის მხრიდან მმართველ გუნდთან გამუდმებით კონფრონტაციაში ყოფნა და კანონებზე ვეტოს დადება სახელმწიფოსთვის კარგი არ არის. უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი პოლიტიკური გამოცდილება პარლამენტთან ურთიერთობის დარეგულირებაში დაეხმარება.
დავით უსუფაშვილის მტკიცებით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყველა რეგიონის წარმომადგენლის სატკივარს მოისმენს და სათანადო რეაგირებას მოახდენს. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა კუთხის მკვიდრი თავს თანაბარუფლებიან მოქალაქედ თვლიდეს.