11, ოქტომბერი 2018 20:02:00
ხურმის მიმღები მსხვილი საწარმო სუბტროპიკულ ხილს წელს არ მიიღებს. რატომ არ ისურვა „აგრო ინვესტ სერვისმა“ ხილის რეალიზება და სად შეძლებენ წელს ფერმერები მოსავლის გაყიდვას? რას გააკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მოქალაქეებს ხილის რეალიზება გაუადვილდეს?
ხურმის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მოსავლის 90% უკრაინაში, მცირე მოცულობით კი რუსეთის ბაზარზე გადის. სუბტროპიკული ხილის რეალიზებას კერძო პირებთან ერთად, გასულ წლებში საწარმოებიც ახორცილებდნენ. თუმცა მიმდინარე სეზონზე ერთ-ერთი კომპანია მოსავალს არ მიიღებს. „აგრო ინვესტ სერვის“-ში აცხადებენ, რომ წელს რეგიონში მაღალი ხარისხის ხურმა არ იყო.
ის, რომ რეგიონში მოსავლის ხარისხი შედარებით დაბალია, ამას არც სოფლის მეურნეობის სამინისტროში უარყოფენ. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ფერმერებისთვის ხელშეწყობის ფარგლებში რამდენიმე პროგრამა ხორციელდება.
ერთ-ერთი ასეთი „ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის“ პროგრამაა. როგორ აგროპროექტების მართვის ცენტრში გვითხრეს იმისთვის, რომ ფერმერმა მოსავლის რეალიზაცია შეძლოს, პროგრამის ფარგლებში ხილის გამოშრობას და ჩირად წარმოებას სთავაზობენ. ჯამბულ აბულაძის თქმით, ქობულეთში შექმნილია სპეციალური დანადგარები, სადაც ფერმებს შესაძლებლობა აქვთ მოსავალი ჯერ ჩირად აწარმოონ, შემდგომ კი მისი რეალიზება შეძლონ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მომსახურება ფასიანია და 1 კილოგრამი ხურმის გამოშრობა ფერმერს 16 თეთრი უჯდება.
არიან თუ არა ინფორმირებული ფერმერები აღნიშნული მომსახურების შესახებ და გაუწევს თუ არა ადგილობრივი წარმოების ხურმის ჩირი კონკურენციას წლების განმავლობაში ბაზარზე არსებულ იმპორტირებულ პროდუქციას? - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პასუხი ასეთია:
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს რეგიონში 2 000 ტონამდე სუბტროპიკული ხილის მოსავალს ვარაუდობენ. აჭარაში ხურმა ძირითადად სამ მუნიციპალიტეტში ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაშია გავრცელებული. ხურმის სეზონი სექტემბერში იწყება და ნოემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.