გაძვირებული მართვის უფლების მოწმობის გამოცდა

მოქალაქეებს, რომლებსაც მართვის მოწმობის აღების სურვილი და მოტივაცია აქვთ, მომსახურების სააგენტომ ახალი დაბრკოლება შეუქმნა. პრაქტიკული ნაწილის ორეტაპიანი გამოცდის, მეორე ეტაპის  ჩაბარებისთვის გადასახდელი თანხა იმდენად გაიზარდა, რომ მძღოლობის მსურველები, გამოცდაზე გასვლას ვეღარ ახერხებენ. მეორე ეტაპზე გეგმიური გასვლა 90, ხოლო არაგეგმიური 250 ლარი ღირს. გაძვირებული ცხოვრების და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, სახელმწიფო ადამიანებს ტარიფებს უფრო და უფრო უძვირებს.

ნინა დიასამიძემ, მართვის მოწმობის ასაღებად, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი უკვე ჩააბარა. მეორე ეტაპზე გასასვლელად, 90 ლარი გადაიხადა, თუმცა, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ყოველ მომდევნო ცდაზე, თუ კი შედეგი იგივე იქნება, მას, ისევ 90 ლარის გადახდა მოუწევს. იმ შემთხვევაში თუ კი, იგი გამოცდაზე არაგეგმიურად გავა 250 ლარი უნდა გადაიხადოს. ფიქრობს, რომ გაზრდილი ღირებულების გამო, მომდევნო ეტაპზე გასვლას ვერ შეძლებს, რადგან სამსახური დაკარგა. ამბობს, რომ ბათუმში, ქაოტური მოძრაობისა და იმ ფონზე, როდესაც მძღოლები მოძრაობის წესებს მუდმივად არღვევენ, გამოცდის ჩაბარება რთულია.

ახალი კანონი, არც მოქალაქეებს მოსწონთ. ამბობენ, რომ გაძვირებული ცხოვრების და უმუშევრობის ფონზე, გამოცდის ჩაბარების მსურველებს, 90 ლარის გადახდა გაუჭირდებათ. ფიქრობენ, რომ კანონში ცვლილებები აუცილებლად უნდა შევიდეს და გამოცდის მეორე ეტაპისთვის  გადასახდელი თანხა ჩაკორექტირდეს.

რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება,  აჭარის საავტომობილო ფედერაციის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელს მოსწონს, თუმცა, მისთვის ის, თანხა, რაც გამოცდაზე გამსვლელმა უნდა გადაიხადოს მიუღებელია. ლია მგელაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაზე ფიქრობს, მოქალაქეების გაჭირვება კი, ხელისუფლებისთვის მეორე ხარისხოვანია.

2022 წლის 25 აპრილიდან ახალი კანონი ამოქმედდა, რის საფუძველზეც მართვის მოწმობის აღება ორეტაპიანი გახდა. მეორე ეტაპი  ავტომობილის ქალაქში რეალურ პირობებში მართვას ითვალისწინებს. რისი საფასურიც 90 ლარია, არაგეგმიური ცდის უფლება კი 250 ლარი დაგიჯდებათ. მომსახურების სააგენტოში ვიკითხეთ,  ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე რამდენად მისაღებია, მძღოლობის მსურველთათვის, აღნიშნული თანხის დაწესება. აქ, საპასუხო კომენტარს ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ველოდით. მოქალაქეებმა კი, მართვის მოწმობის გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელი თანხის შემცირების  მოთხოვნით მანიფესტი შეიმუშავეს, რომელსაც, ამ ეტაპზე, 2500-მდე ადამიანი აწერს ხელს.

მეტის ნახვა