ახალი ამბები • 1751012220
ბათუმში მოზარდი გოგო, მშობლის ინფორმაციით, ძაღლებმა დაკბინა

ბათუმში მოზარდი გოგო, მშობლის ინფორმაციით, ძაღლებმა დაკბინა. როგორც მშობელი სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა გუშინ საღამოს, თამარის დასახლებაში მოხდა.
მშობელი ჰყვება, რომ ბავშვი მასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, მაღაზიიდან გამოსვლის შემდგომ კი მოზარდი მანქანისკენ წავიდა, რა დროსაც მას 5 ძაღლი დაედევნა და დაკბინა.
მოზარდს დაზიანებები სახის არესა და ფეხზე აღენიშნება.
"რატომ ვერ უნდა შევძლოთ მშვიდად გასეირნება ჩვენი ქალაქის ქუჩებში? გახსენით თავშესაფარი და წაიყვანეთ ეს ძაღლები იქ" - აცხადებს მოზარდის მშობელი.
მიუსაფარ ძაღლებს თამარის დასახლებაში მცხოვრები სვეტა გეგეჭკორი უვლის. როგორც ცხოველთმოყვარული TV25.GE-სთან ამბობს, მშობელმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან ძაღლები “ბავშვმა გამოიწვია”. მისივე თქმით, მოზარდი მწოლიარე ძაღლებს ფეხს უქნევდა, შემდგომ კი ძირს თავად დაეცა, სახე კი დიდი ალბათობით ქვას დაარტყა. გეგეჭკორი დასძენს, რომ პოლიციას მიმართავს, რათა დეტალები გამოძიებამ დაადგინოს.
“მივაკითხე მაღაზიას, სადაც ეს ფაქტი მოხდა. თვითმხილველებს არ დაუნახავთ, რომ ძაღლები ბავშვს გამოეკიდნენ. სიმართლე არის ის, რომ მაღაზიიდან გამოსულმა ბავშვმა ფეხი მოუქნია ძაღლებს. შემდგომ კი ძირს დაეცა. სახე დაარტყა ასფალტზე, ქვაზე. სახის დაზიანება ნაკბენი არ არის. რაც შეეხება ფეხს, შესაძლოა ძაღლმა უკბინა კიდეც, მაგრამ “ბავშვმა გამოიწვია”. იმ წამს ადგილზე მშობელი არ ყოფილა. მაღაზიიდან რომ
გამოვიდა, ბავშვს უსაყვედურა.
აუცილებლად მივმართავ პოლიციას, რათა კადრები ამოვიღო და სიმართლე დავადგინო.
ძაღლები აგრესიულები არ არიან. ისინი აცრილები არიან”- აცხადებს TV25.GE-სთან სვეტა გეგეჭკორი.
იგივე ვერსიას უყვება TV25.GE-ს თვიმხილველი. ამბობს, რომ ძაღლები “მოზარდმა გამოიწვია”.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ თამარის დასახლებაში მოხდა.
დამატებითი დეტალების დაზუსტების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

1750760310