ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს

ახალი მმშ

ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს. 

მერის მოვალეობის შემსრულებელი მერიაში ოფიციალურად დღეს წარადგინეს. საჯაროდ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მურვანიძე მერიაში სულხან თამაზაშვილმა მიიყვანა. წარდგენას ესწრებოდა ბათუმის ყოფილი მერი არჩილ ჩიქოვანიც. 

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა არჩილ ჩიქოვანს გაწეული სამუშაოსთვის და გიორგი მურვანიძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.


გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე.
მურვანიძე აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა."-წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მურვანიძე აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ოფიციალური ცნობების თანახმად, ის 2004-2005 წლებში ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად მუშაობდა, 2005-2006 წლებში - აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად. არაოფიციალური ინფორმაციით კი, გიორგი მურვანიძე სულხან თამაზაშვილის ახლო გარემოცვის წევრია. 

შეგახსენებთ, ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი გუშინ ფეისბუქ პოსტით გადადგა. ეს კი მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პოსტი, ანალოგიურად, სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის საშუალებით დატოვა. თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა. ამ უკანასკნელის დაწინაურებას სწორედ მათ მეგობრულ კავშირს მიაწერდნენ, შესაბამისად, რიჟვაძის პოსტის დატოვების შემდგომ ჩიქოვანის წასვლასაც პროგნოზირებდნენ. 

საკადრო ცვლილებები, აჭარაში ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის დანიშვნის პირველივე დღიდან დაიწყო. 

მეტის ნახვა