28, მარტი 2019 20:05:00
ახლა კი ახალგაზრდა აქტივის გაგაცნობთ, რომელიც გუშინ ახლადრეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მარიამ მუთიძემ ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაცია განსხვებული ფორმით სცადა. 22 წლის გოგომ ქვეყნის პრემიერს და პრეზიდენტს თავზე პროკლამაციები გადმოაყარა. მესიჯი ასეთი იყო- „არა ქალაქის ჩაბეტონებას“
პროკლამაციების გადმოყრიდან რამდენიმე წამში თეატრის შენობა დატოვა. ძალიან ეშინოდა, როცა ხელში ფურცლები ეჭირა. ფიქრობდა, რომ ვინმე ამას შეამჩნევდა და შეიძლებოდა პასუხი მოეთხოვათ. თუმცა უკან დახევაზე ერთი წამითაც არ უფიქრია. როცა გაიგო, რომ რეგიონში პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი მოდიოდა, მთავარი მიზანი თეატრში შეღწევა იყო. პერფორმანსის შინაარსზე მაგალითი ბათუმის ისტორიიდან აიღო.
მარიამი გრაფიკული დიზაინერის პროფესიას თბილისში ეუფლებოდა. ოთხწლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულს ბათუმი სახეშეცვლილი დახვდა. მაღალი შენობებით გადავსებული, ჩაბეტონებული და ნესტით გაჯერებული იერსახის ნახვამ შთააგონა, რომ ამ ყველაფერზე რეაქცია უნდა ჰქონოდა. მოძებნა ადამიანები, რომლებიც ბათუმის გადარჩენისთვის იბრძოდნენ და მათ შეუერთდა.
2019 წლის 31 დეკემბრის ღამეს, როცა ქალაქის მთავარ მოედანზე ადამიანები ახალი წლის დადგომას ზეიმობდნენ, მარიამი ტრანსფარანტით ხელში იდგა და მთავრობას ელოდა. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ყოველდღიურად მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი ჩაებას ქალაქის გადარჩენის ბრძოლაში.
მარიამ მუთიძე ახლა ფილოსოფიის პროფესიას ეუფლება. ამბობს, რომ მრავალმხრივი ინტერესის სფერო აქვს. ეს პროფესია კი დაგროვილი ინფორმაციის თავმოყრასა და სწორად მართვაში დაეხმარება.