03, სექტემბერი 2019 21:40:00
როგორ რეაგირებს საზოგადოება სამთავრობო ცვლილებაზე, რომლის მომსწრე დღეს დილით გავხდით? გამოიწვევს თუ არა გახარიას გაპრემიერება კიდევ უფრო დიდ პროტესტს? რას პროგნოზირებენ პოლიტიკოსები და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააცნო? ხატია გოგრაჭაძემ მოისმინა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებები
ბიძინა ივანიშვილის მიერ, პრემიერ- მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას, პოლიტიკურ წრეებში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებენ. ელგუჯა ბაგრატიონმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, მიმართა, რომ ღირსების შესანარჩუნებლად პარტია დატოვონ.
ოპოზიციის შეფასებით, გახარიას პრემიერობის კანდიდატად წარდგენა მთავრობის მეთაურად გავრილოვის დანიშვნიშვნის ტოლფასია. გია აბულაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება რუსეთს ჩააბარა და გახარიას დაწინაურება ქვეყანაში, რუსული მმართველობის შემოსვლას ნიშნავს.
რეზო ხარაზი ოცნების მაღალჩინოსნებს ოროსნებს უწოდებს და ამბობს, რომ უახლესი წარსულიდან მთავრობამ ვერაფერი ისწავლა. მისი თქმით, გახარია რუსეთის მიერ დანიშნული გენერალ-გუბერნატორია და მისი ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
„ევროპულ საქართველოში“ ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება 2020 წლისთვის მათთვის საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს. პეტრე ზამბახიძის შეფასებით, ასეთი თანამდებობის პირებისთვის სადავეების ჩაბარებით, ქვეყანა ვექტორს ჩრდილოეთისკენ იცვლის.
ოპოზიციის ერთი ნაწილი კი, გახარიას პრემიერად დანიშვნას მიესალმება. „პატრიოტთა ალიანსში“ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება სწორია.
„პარტიოტთა ალიანსის“ წევრების აზრს იზიარებენ, მმართველ გუნდშიც. დავით ბაციკაძე ამბობს, რომ გახარიამ, როგორც მინისტრმა ქვეყანა გადაარჩინა. მისი შეფასებით, გახარია ძალიან კარგი პრემიერი იქნება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, თვლის რომ გიორგი გახარია ძალიან კარგი მენეჯერია და ივანიშვილის გადაწყვეტილებასაც დადებითად აფასებს. საზოგადოების ნაწილის 76 დღიანი პროტესტის ფონზე, გახარიას დაწინაურებას, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ? - კითხვაზე დავით გაბაიძის პასუხი ასეთია:
საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა, პარლამენტმა, წარდგენის შემდეგ, ორი კვირის ვადაში, მინიმუმ 76 ხმით უნდა დაამტკიცოს.