07, ნოემბერი 2019 21:20:00
კიდევ ერთი გარდაცვლილი შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფის გამო. 23 წლის ახალგაზრდა სამღებრო სამუშაოების ჩატარებისას მშენებლობიდან ჩამოვარდა. შრომის ინსპექტორების მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. რატომ ვერ გამოასწორა მდგომარეობა საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებამ? დეტალები სიუჟეტში.
23 წლის ანრი მახარობლიძე შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულველყოფის მორიგი მსხვერპლი გახდა. ახალგაზრდა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპულია კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა. დამსაქმებელი მომხდარზე განმარტებებს არ აკეთებს. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი კი საქმის დეტალებს ეცნობა.
შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მეათე სართულზე სამღებრო სამუშაოების წარმოებისას, გონდოლაზე ბაგირი გაწყდა. ერთ-ერთმა მუშამ შენობის მიმართულებით გადახტომა მოახერხა და გადარჩა.
შრომის ინსპექციისა და პროფკავშირების წარმომადგენლების წინასწარი ინფორმაციით, სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. სპეციალისტები ადგილზე ვითარებას ამ დრომდე სწავლობენ
უსაფრთხოება და პროფკავშირები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. კომპანიის სარმომადგენლები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.