20, აპრილი 2017 20:05:00
საკონსტიტუციო სასამართლოში „მწვანე ალტერნატივა“-ს სარჩელზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. შესაძლოა საქმის არსებითი განხილვა დღესვე დაასრულოს. დავის საგანს „წიაღის შესახებ“ კანონის ის ჩანაწერი წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია მესაკუთრის თანხმობის გარეშე სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში დაცული ინფორმაციის გაცემა. მოსარჩელე სწორედ ამ ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. განმარტავს, რომ გარემოს შესახებ ინფორმაცია არ არის სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოება და იგი შეზღუდვების გარეშე დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოქმედი ნორმა ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, დროულად იყოს მიღებული სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. მოპასუხე საქართველოს პარლამენტია. სარჩელს პირველი კოლეგია განიხილავს.