09, ოქტომბერი 2019 21:10:00
მეწყერი ვაშაყმაძეების სახლთან კვირას ჩამოწვა. შიშით, რომ მომდევნო გაწვიმების შემდეგ შესაძლოა ფატალური შედეგი დამდგარიყო ოჯახის მცირეწლოვანი წევრები ნათესავთან გახიზნეს. სახლში დარჩენილებს უამინდობის ეშინიათ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
ოჯახმა სოფლის რწმუნებული და მაჟორიტარი დეპუტატი საქმის კურსში ჩააყენა. დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა ადილზე მდგომარეობის გასაცნობადაც არავინ მისულა. საფრთხე რომ იგრძნო, ოჯახმა მიწის ჩამოშლისგან თავის დაცვა საკუთარი ძალებით სცადა, თუმცა მათი გაკეთებული სამაგრი საკმარისად მყარი არ აღმოჩნდა. სახლთან ჩამოწოლილი მეწყერის გარდა ვაშაყმაძეებს მისასვლელი გზის პრობლემაც აწუხებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. მინდია დიდმანიძე ამბობს, რომ პრობლემები მისთვის ცნობილია და შესაბამისი პროცედურები დაწყებულია. მისივე თქმით, ჩამოშლილი მიწის გატანა ერთი კვირის განმავლობაში მოხერხდება, ვინაიდან მუნიციპალიტეტს მხოლოდ ორი ერთეული ტექნიკა ჰყავს და ყველგან ერთდროულად ვერ მივლენ. რაც შეეხება გზის კეთილმოწყობას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სამუშაოები მალე დაიწყება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა კი ,,მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ უამინდობას მიწის ჩამოშლა ბევრ ლოკაციაზე მოჰყვა და ამ ეტაპზე შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.