კანდიდატობიდან წევრობამდე - რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ევროინტეგრაციამდე?

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გაითვალისწინებს თუ არა დასავლეთი საქართველოს, როგორც წამყვან რეფორმატორ ქვეყნად, სექტორული და ევროპული ინტეგრაციის კუთხით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრების განაცხადის გაკეთება, რა გზა უნდა გაიაროს ქვეყანამ კანდიდატობიდან წევრობამდე და რა სარგებელი და შესაძლებლობები აქვს ევროკავშირთან თანამშრომლობას?

საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. ჯერჯერობით, გაურკვეველია მიიღებს თუ არა დასავლეთი, ჩვენს ქვეყანას,  ევროპულ ოჯახში. კანდიდატის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ეხსნება ახალი შესაძლებლობები. როგორიცაა წვდომა ახალ ფონდებთან და დახმარების სხვადასხვა ინსტრუმენტებთან. რაც თავისთავად გულისხმობს, დასავლურ სტანდარტებთან, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე დაახლოებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებამდეც და შემდეგაც, აუცილებელია  ხელისუფლების რეალური ქმედებები ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით და რომ განაცხადი, განაცხადად არ უნდა დარჩეს.

იმ შემთხვევაში, თუ კი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, დაიწყება მოლაპარაკებები, გაწევრიანების შესახებ. რასაც ევროკავშირის საბჭოს, ანუ 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. მოლაპარაკებების შინაარსის ამსახველი დოკუმენტი 35 თავს მოიცავს. რაც გულისხმობს, მართლმსაჯულების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ასევე, სექტორულ თავებს, როგორიცაა გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრება და სხვა. ამ ყველაფრის შემდეგ, კი სრულდება მოლაპარაკებები და ქვეყანა აწერს ხელს გაწევრიანების შეთანხმებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩნდება ერთი ადგილი და დროშა,  დამკვირვებლის სტატუსით ევროკავშირის ინსტიტუტების სამუშაო პროცესში, თუმცა გადაწყვეტილების უფლების გარეშე.

ვიდრე ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება მანამდე დადებითად უნდა შეფასდეს განაცხადი, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. თუ კი პროცესები გეგმის მიხედვით ჩაივლის, საქართველო შეძლებს ისარგებლოს, ევროკავშირის სიკეთეებით და იყოს ევროპული ქოლგის ქვეშ. რაც აისახება იმაში, რომ გაიზრდება პენსია, ევროკავშირი დააფინანსებს პირველადი ჯანდაცვის სექტორს, დაფინანსდება განათლების სექტორიც. 60-დან 80 პროცენტამდე მოიმატებს ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი. ქვეყანაში განხორციელდება, საიმედო და მყარი ევროპული ინვესტიციები. ეს ყოველივე გაზრდის და განავითარებს ტურიზმსა და სოფლის მეურნეობასაც. უმთავრესი პლუსი კი ისაა, რომ სტატუსის მქონე ქვეყანას ევროკავშირი, სასამართლოსა და მართლმსაჯულების კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარება.

ევროპის მხრიდან, ქვეყნისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხანგრძლივობა, თავად სახელმწიფოზე იქნება დამოკიდებული. საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს იმ ქვეყნების გამოცდილებით, რომლებმაც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება უმაკოლეს დროში შეძლეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი  და  „ქართულ ოცნებას“ უჩნდება შესაძლებლობა გახდეს ამ ისტორიული პროცესის წარმმართველი.

იმისთვის რომ ქვეყანამ შეძლოს შეაბიჯოს ევროკავშირში, მოეთხოვება ჩაატაროს რეფერენდუმი და ევროკავშირის წევრობას მოსახლეობამ უნდა დაუჭიროს მხარი. სწორედ, ამ პროცედურების გავლა მოუწევს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ  გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. შეგახსენებთ, 2022 წლის 3 მარტს, საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

მეტის ნახვა