სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ე.წ. რუსულ კანონს ეხება. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, ვიდრე კანონპროექტი სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, რეზოლუციის შესწორებაში ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მოითხოვენ, შეფასდეს ე.წ რუსული კანონის გავლენა უვიზო რეჟიმის კრიტერიუმებზე.

გარდა ამისა, დოკუმენტით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“. რეზოლუციას მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 25, თავი შეიკავა 30-მა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუცია არასავალდებულო ხასიათისაა. სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.

მეტის ნახვა