ახალი ამბები • 1732627456
როგორია აქციაზე დარბეულების ისტორიები
აგენტების კანონის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ. რეზინის ტყვიები, მუშტები სახეში, მიწაზე თრევა, მოულოდნელი თავდასხმა და დაკავება - 30 აპრილს, 1 და 2 მაისს, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, რომელიც პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია, ათეულობით ადამიანი დაშავდა. ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ მათ მიმართ სპეცრაზმელები განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენენ. როგორია აქციაზე დარბეულების ისტორიები?
გიორგი დუმბაძე ის ახალგაზრდაა, რომელიც აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა შორის აღმოჩნდა. გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში კი ისევ მომიტინგეებს შეურთდა. ბათუმელი აქტიური მოქალაქისთვის, ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლა უცხო არ არის, რადგან მამა პოლიტიკოსი ჰყავს. გიორგი მამასთან ერთად, ახლაც დედაქალაქის ცენტრშია და ამბობს, რომ ბევრი დაბრკოლების, ხელშეშლის, ძალდობის თუ არაპროპორციული ძალის გამოყენების მიუხედავად, აპირებს ბრძოლა ბოლომდე გააგრძელოს. იხსენებს, 1 მაისის მძიმე ღამეს, როცა რუსთაველზე გამართული მსვლელობისას დააკავეს.
აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე გვიყვება, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევისას, სპეცრაზმელები ყველა ხერხს მიმართავენ. წიწაკის სპრეებისა თუ მხუთავი აირის გამოყენებას თან ახლავს, თავდასხმა და ძალადობის ფაქტები. ცემა, შევიწროება, დაშინება- მომიტინგები ერთსა და იმავე სცენარზე საუბრობენ.
პროტესტის მაჯისცემაზე აქვს ხელი ქართულ მედიასაც. ჟურნალისტები, განვითარებული მოვლენების გაშუქებისას ხშირად ხდებიან დარბევის და ძალადობის მსხვერპლნი. მიუხედავად რთული სამუშაო პირობებისა, ისინი 24 საათიან რეჟიმში ცდილობენ მოქალაქეების ინფორმირებულობას.
ქართველი ხალხი აგენტების კანონს ერთი თვეა აპროტესტებს.
1728455482
1727447820