მაღალმთიან აჭარაში მოქალაქეები სტიქიის შედეგებს დღემდე ებრძვიან

მაღალმთიან აჭარაში მოქალაქეები სტიქიის შედეგებს დღემდე ებრძვიან. უამინდობის შედეგად დამეწყრილი ოჯახები 2 კვირაა დახმარების მოლოდინში არიან. ქედაში, სოფელ ზვარეში მცხოვრებლები ყვებიან, რომ ქირით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი 300 ლარი სახლის დასაქირავებლად საკმარისი არაა. მით უფრო იმ ფონზე, რომ ოჯახების უმრავლესობა მრავალრიცხოვანია.

ამ რეალობაში სოფელ ზვარეში მცხოვრებლებმა 2 კვირის წინ გაიღვიძეს. გამონაკლისი არც შალვა ქობულაძის ოჯახის აღმოჩნდა. 6 თებერვალს  ჩამოწოლილმა მეწყერმა და ქვათაცვენამ ზიანი თევზის ავზებს მიაყენა. ოჯახს მცირე ბიზნესი გაუნადგურდა. ქობულაძეებმა მხოლოდ რამდენიმე ავზის გადარჩენა შეძლეს

შალვას ათასობით ლარის ზარალი მიადგა. მასთან ერთად შემოსავლის წყარო დაკარგეს თანასოფლელებმაც.

თხოვნით მერიისთვის არ მიუმართავს. ფიქრობს, რომ  ახლა მნიშვნელოვანი ის ადამიანები არიან, რომლებიც მწყრის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ. ამბობს, რომ სტიქიის ზონაში მოხვედრილი მრავალწევრიანი ოჯახებისთვის 40 ათას ლარი, ახალი სახლის ასაშენებლად ან შესაძენად საკმარისი არ არის. საკმარისად არც ქირისთვის გამოყოფილი თანხა, 300 ლარი მიაჩნია.

ამბობს, რომ ახლა ყოველი დღე სოფელში მცხოვრებლებისთვის  რისკის შემცველია. შიშობს, რომ მომდევნო გაწვიმება შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. დახმარების მიღება არ ეიმედება, რადგან მიაჩნია, რომ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე არ ზრუნავს

ქედაში მეწყრული პროცესები 6 თებერვალს განვითარდა. სტიქიამ ზარალი 200-მდე ოჯახს მიაყენა.

მეტის ნახვა