ახალი ამბები • 1739342732
საიას მოშიმშილე თემურ ქათამაძის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან
![ქათამაძე ქათამაძე](https://tv25.ge/uploads/files/2025/02/03/10344/qatamadze_w_h.jpeg)
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ ორგანიზაციას 26 დღის განმავლობაში მოშიმშილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მოთხოვნის მიუხედავად არ აწვდიან.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმაც ვერ მიიღო სამედიცინო დოკუმენტები დროულად. ამ პერიოდში თემურ ქათამაძეს უკვე 4 სასამართლო პროცესი ჰქონდა.
ბოლო პროცესზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება და თემურ ქათამაძე კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით. დაკავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რადგან ის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება.
შესაბამისად, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის დამძიმება ან რაიმე მძიმე შედეგი სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარონ დაკავებულ პირს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში", - წერია სიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმელი მედროშე უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-ის ცნობით, ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად.
დაკავებულის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ ქათამაძეს 15 კილოგრამი აქვს დაკლებული და უჭირს გადაადგილება. 7 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის საჩივარი და მის პატიმრობა ძალაში დარჩა.
![პოლიციის ხაზი, ლენტი პოლიციის ხაზი, ლენტი](https://tv25.ge/uploads/files/2023/12/13/7895/politsiis-khazi-lenti_b_t.jpeg)
1728455482