ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ძიუდო

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლუკა მაისურაძემ კუბის წარმომადგენელი, ივან ფილიპე სილვა მორალესი დაამარცხა. რაც შეეხება ბექაურს, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს აჯობა.

მაისურაძე ტურნირზე მეორე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ლიბანელი კარამნობ საგაიპოვი იყო, მესამე ეტაპზე მაისურაძემ მონღოლი ალტანბაგანა განტულგა დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, ტატო მოსახლიშვილს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გადასასვლელ ორთაბრძოლაში ლუკა მაისურაძემ იტალიელ კრისტიან პარლატისთან შეხვედრის ბოლო წამებზე დაამარცხა.

რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ის ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც იაპონელი კოსუკე მაშიიამა დაამარცხა. მესამე რაუნდში ბექაური რაფაელ მაკედოს დაუპირისპირდა და ვაზარით მოუგო. მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალეში იყო, რომლის დასამარცხებლადაც ბექაურს მხოლოდ 23 წამი დასჭირდა.

ნახევარფინალში 22 წლის ქართველის მეტოქე უზბეკი დავლატ ბობონოვი იყო, რომელთანაც ბექაურმა სახიფათო ილეთის გამო ხანსოკუ მაკე მიიღო და დამარცხდა.

ცნობისთვის, ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების აქტივში 3 მედალი დაგროვდა - ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის მესამე ადგილების გარდა, საქართველოს ნაკრების აქტივშია ტატო გრიგალაშვილის ოქრო მედალი, რომელიც მან გუშინ მოიგო.

მეტის ნახვა